სოფლის მეურნეობა
24/11/2021

გიორგი ხანიშვილი: არასტანდარტული ვაშლისგან წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 31 000 ტონაზე მეტი ვაშლია გადამუშავებული.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს.

მინისტრის მოადგილემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს კომპანიაში „ნატურალ 7“ გაეცნო. „ნატურალ 7“ არასტანდარტული ვაშლის  რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, საწარმოში, პროგრამის ფარგლებში, 5 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  შიდა ქართლის რეგიონში არსებული ხილის გადამმუშავებელი საწარმოები არასტანდარტული ვაშლის მიღებას შეუფერხებლად  განაგრძობენ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ ჯამში გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ  31,000 ტონაზე მეტი შეადგინა.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ  საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად,  15 დეკემბრამდე შეძლებენ.  პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.

Businesspartner