სოფლის მეურნეობა
13/02/2023

გიორგი თოდუა: 2022 წელს თხილის მოსავალში უმაღლესი ხარისხის პროდუქცია მხოლოდ 5% იყო

საქართველოში მოყვანილი თხილის ხარისხი მცირდება.

2022 წელს აღებულ მთლიან მოსავალში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წილი მხოლოდ 5% იყო. ამის შესახებ გადაცემასთან „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გიორგი თოდუა გაუარესებულ მაჩვენებლებს სექტორში დაბალ ცნობიერებას, მუშახელის დეფიციტს და არასაკმარის განათლებას უკავშირებს.

„ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით თხილის მწარმოებელთა ასოციაცია წლებია მუშაობს. გვაქვს პროგრესი, თუმცა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ტრადიციად და კულტურად იქცეს თხილის ბაღებში შრომა. რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს ფერმერების, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული მომზადება და მხარდაჭერა. კარგი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა USAID, FAO და სხვა, კვლავ დაუჭერენ მხარს ასოციაციას, რაც პირდაპირ ნიშნავს ათიათასობით ფერმერის მხარდაჭერას განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

თუ ჩვენ გვინდა, მინიმუმ 2019 წლის მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ, სადაც 60 000 ტონამდე მივედით და ხარისხიც უკეთესი იყო, ვიდრე 2022 წელს, მაშინ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ კერძო, საჯარო უწყებებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. 2016-2018 წლებში მოსავალი, ფაქტობრივად, არ აგვიღია. უკვე 2019-2020 წლებში გვქონდა ბოლო 6 წელში საუკეთესო შედეგი. ამის შემდეგ იწყება დაღმასვლა, ეს არის 2021-2022 წლები. 2022 წელს, ფაქტობრივად, მხოლოდ 5% მივიღეთ უმაღლესი ხარისხის თხილი. 2019-2020 წლებთან შედარებით დაახლოებით 30%-ით ნაკლები პროდუქცია მივიღეთ“,- აღნიშნავს თოდუა.

Businesspartner