სოფლის მეურნეობა
17/11/2021

"გლენბერი" კახეთთან გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია “გლენბერი“ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტზე აქტიური მუშაობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კომპანია კონტეინერების გადატვირთვის გაძვირების გამო არსებულ პრობლემას მოაგვარებს.

ბიზნესმენის ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობის შესაძლო ლოკაციად კახეთთან ახლოს ტერიტორიაა შერჩეული. პროექტში დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული. „გლენბერი“ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“  იღებს მონაწილეობას.

„საწარმოში გადამუშავდება ბოსტნეული და დაფასოებული ექსპორტზე გავა. ისრაელში ქალბატონია, რომელსაც ჩინეთიდან შემოაქვს გაყინული ხახვი და ნიორი. მისმა კომპანიამ დიდი მოგება ნახა, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ არც  ჩემთვის იქნება წამგებიანი.

შემიძლია ამ ქალბატონს  გაყინული პროდუქცია მივაწოდო, ამის დიდი პოტენციალი არსებობს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ იციან რა მოიყვანონ. შემიძლია ვითანამშრომლო ფერმერებთან, რომლებსაც გადავცემ ჩემს გამოყვანილ ჩითილებს, რომელსაც თავიანთ მიწაზე მოუვლიან, მიღებულ პროდუქციას კი გარანტიებულად ჩავიბარებ,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

„გლენბერის“ დამფუძნებელს სათბურებში ხილ-ბოსტნეული მოჰყავს. კომპანიას შეკვეთები აშშ-დან, ისრაელიდან, ინგლისიდან აქვს. დამკვეთები საქართველოდან ელოდებიან როგორც ბოსტნეულის, ისე გაყინული მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის მიწოდებას.

გაყინული ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო „გლენბერი” 2018 წელს გაიხსნა. კომპანიამ საწყის ეტაპზე 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია შიდა ქართლში, ქარელში მდებარეობს, საწარმოში 250 კაცია დასაქმებული.

Businesspartner