სოფლის მეურნეობა
30/11/2021

ილია თამარაშვილი: 2022 წლიდან აგროდაზღვევა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  2022 წლის მეორე ნახევრიდან სადაზღვევო სექტორს დიდი ალბათობით შეეძლება  ბაზარზე აგროდაზღვევის ახალი პაკეტები გამოიტანოს.

„ჩვენი მიზანია, რომ აგროდაზღვევის პირობები იყოს ისეთი, რომ ის მაქსიმალურად ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.მნიშვნელოვანია, რომ ეს პირობები მიმზიდველი იყოს როგორც მსხვილი, ისე მცირე ფერმერისთვის. ჩვენ ვმუშაობთ სადაზღვევო სექტორთან ერთად, მათ შორის, ასოციაციასთან და ვაპირებთ, ასეთი ტიპის ცვლილებები შევიტანოთ აგროდაზღვევის პროგრამაში,“ -აცხადებს თამარაშვილი.

მისივე განცხადებით, უკვე მომზადებულია დაზღვევის განვითარების სტრატეგია, რომლის შედეგადაც მაქსიმალურად გაიზრდება მოცვა  და შეთავზებული პირობები ფერმერთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგება.

„რისკების დაზღვევის შედეგად ხდება მისი გადაზღვევა საერთაშორისო კომპანიებში, ისევე როგორც ავტოდაზღვევაზე ან ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაშია. როდესაც პატარაა მოცვა, არ არის საინტერესო გადამზღვევი კომპანიებისთვის. ამიტომ ჩვენი სტრატეგიით, ერთიანად მოხდება სადაზღვევო სექტორის მიერ დაზღვეული ფერმერების რისკების საერთაშორისო კომპანიებში გადაზღვევა,“ - აცხადებს თამარაშვილი.

კითხვაზე, მაშინ როდესაც მომზადებულია სტრატეგია, როდის მოხდება აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებების შეტანა და როდის დაიწყებს სადაზღვევო სექტორი აგროდაზღვევის განახლებული პროდუქტების შეთავაზებას, თამარაშვილი განმარატვს, რომ მას შემდეგ რაც სტრატეგია მთავრობის სხდომაზე გავა და დამტკიცდება, მისი ასახვა დადგენილებების ფორმით ეტაპობრივად მოხდება.

„განხილვის რეჟიმში ვართ, გვინდა, სამივე მხარისთვის (ფერმერი, სადაზღვევო და სახელმწიფოსთვის) მისაღები იყოს,“ - აცხადებს თამარაშვილი.

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, ფერმერებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა.

პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულებას  აფორმებს და ამის საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ 8 სადაზღვევო კომპანიაში: "ალდაგი", "პრაიმი", "ევროინს ჯორჯია", "არდი", "ალფა", "თიბისი დაზღვევა", "ნიუ ვიჟენ დაზღვევა", "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი".

პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის).

პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე დამზღვევი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს, ვაზზე კი 50%-ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს).

Businesspartner