სოფლის მეურნეობა
14/01/2022

"იმერეთის აგროზონის" განვითარების პროექტით ინვესტორები 10 ქვეყნიდან ინტერესდებიან

იმერეთის აგროზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე საქართველომ მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 27 წინადადება მიიღო. პოტენციურ ინვეეტორებთან მოლაპარაკებები თებერვალსა და მარტში წარიმართება, რის შემდეგაც გაფორმდება კონტრაქტები.

როგორც „იმერეთის აგროზონის“ დირექტორი, არჩილ ბუკია „ბიზნესპარტნიორთან განმარტავს, ყველაზე მეტი წინადადება ჰოლანდიიდან მიიღეს. დაინტერესება კი საშუალო და მაღალტექნოლოგიურ ზონებში სათბურების მშენებლობას ეხება.

„ასევე არის შემოთავაზებები ისრაელიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან... საკმაოდ საინტერესო წინადადებებია. დაახლოებით 18 ჰექტარ მიწაზე გვაქვს მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის სათბურის ასაშენებლად. ძალიან დიდი დაინტერესებაა სატრენინგო-სადემონსტრაციო ცენტრზე და პირველი, ალბათ სწორედ ეს გაკეთდება. ასევე დაინტერესებაა ლოგისტიკური ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ, ყველა წინადადება დაკმაყოფილდება, ამაში შეზღუდულები არ ვართ“,- აღნიშნა ბუკიამ.

პროექტი რამდენიმე ფაზად იყოფა. 2022-2023 წლებში კი 32 ჰექტარი მიწის გაყიდვაა ნავარაუდევი.

„2022 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება პროექტირება, შემდეგ კი აქტიური მშენებლობის პროცესი დაიწყება. პროექტში მონაწილეობაზე წინადადებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდანაც გვაქვს. მათ შორის არის შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა“,- აღნიშნა ბუკიამ.

ცნობისთვის, შპს „იმერეთის აგრო ზონა“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტს ახორციელებს. შპს „იმერეთის აგრო ზონის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელია ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო.“

​სასათბურე მეურნეობების კლასტერის საწარმოო ნაკვეთები მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - სოფელ ფარცხანაყანევში (159 ჰა) და ბაღდათის მუნიციპალიტეტში - სოფელ ვარციხეში (61 ჰა). ნაკვეთები დაყოფილია სხვადასხვა ტექნოლოგიური ზონების მიხედვით: მაღალ, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიურ ზონებად.

პროექტის კონცეფციის მიხედვით, არსებულ ნაკვეთებზე იმერეთის აგრო ზონა განავითარებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების ოპერირებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს კლასტერის წევრებისთვის „ერთი-ფანჯრის“ პრინციპით სერვისის მიწოდებას.

ინვესტორმა 2 წლის ვადაში უნდა განახორციელოს საინვესტიციო გეგმა. 1 ჰექტარი მიწის ფასი დაბალტექნოლოგიურ ზონებში 330 000 ლარია, ხოლო მაღალტექნილოგიურში დაახლოებით 780 000 ლარი.

Businesspartner