ფოტო: winetastingljubljana
სოფლის მეურნეობა
13/07/2021

ქართული ღვინის 62 ნიმუშიდან 6 საექსპორტოდ დაიწუნეს

ღვინის 62 ნიმუშიდან 6 ექსპორტზე ვერ გავა, - ასეთია 42 საინსპექციო კონტროლი შედეგი. ინსპექტირების შედეგად სწორედ 6 ნიმუში შეფასდა არადამაკმაყოფილებლად და მწარმოებლებს უარი ეთქვა ექსპორტზე.

შეგახსენებთ, რომ ივნისიდან, ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ინსპექტირების ერთი თვის შედეგები გააცნო. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს, რომ ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ქართული ღვინის ხარისხი უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირების პარალელურად, ღვინის ხარისხის კონტროლი სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.

2021 წლის მეორე კვარტალში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებულია 200 ნიმუში, რომელთა კვლევა ამჟამად მიმდინარეობს.

ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 19 კომპანიაში; აქედან, ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებს.

Businesspartner