სოფლის მეურნეობა
04/08/2020

ქართული ხორბალი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისაღებად ემზადება

ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაწყებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმა (2021-2025 წწ) უკვე განიხილეს.

გეგმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გენბანკებში, კვლევით დაწესებულებებსა და ფერმერულ მეურნეობებში დაცული ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების შესახებ გეოსაინფორმაციო ბაზის შექმნას, ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მოვლა-მოყვანის, გამოყენების, ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის თავმოყრას, გაანალიზებას და სისტემატიზაციას გულისხმობს. გეგმა ასევე ითვალისწინებს კონფერენციების ორგანიზებას, პურის ფესტივალის, პურის ცხობის და სხვა კერძების დამზადების ტრადიციების აღდგენასა და ხელშეწყობას.

„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გაერთიანებული ერების, განათლების, მეცნიერების და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის -UNESCO არამატერიულური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში წარდგენილი ელემენტის „ქართული ხორბლის კულტურა“ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი სტრატეგიული გეგმის ელემენტების დახვეწა-შემუშავება გახლდათ, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა დ ადგილობრივი ჯიშების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საერთაშორისო აღიარებისათვის, ასევე მათი აღდგენა-გავრცელებისა და პოპულარიზაციისთვის”, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილ უწყებათა სამუშაო ჯგუფში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, შპს „ლომთაგორას“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები