სოფლის მეურნეობა
20/01/2023

"ქართული ზეთისხილის" ზეთი მაისიდან საუდის არაბეთის ბაზარზეც გაიყიდება

„ქართული ზეთისხილის“ მიერ წარმოებული ზეთი მარტიდან  ჰოლანდიაში, მაისიდან კი საუდის არაბეთის ბაზრებზე გაიყიდება.

როგორც კომპანია „ქართული ზეთისხილის“ და ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს (IOC) პრეზიდენტი გიორგი სვანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნულ მიმართულებებზე ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის „ქართული ზეთისხილის“ მიერ წარმოებული ზეთი იყიდება თბილისის მსხვილ სავაჭრო ქსელებში, მათ შორის, „აგროჰაბი“, , „ფრესკო“ და ასე შემდეგ. გაგზვანილია ნიმუშები „კარფურშიც“.

სვანიძის ინფორმაციით, „ქართული ზეთისხილის“ ზეთმა, მსოფლიოს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს ასამბლეაზე, პრემიუმ ხარისხი მოიპოვა. პრემიუმ ლიგაში  გადასვლით, ქართული პროდუქტი კონკურენციას ესპანურ, იტალიურ და ბერძნულ ზეთისხილის ზეთებს გაუწევს.

როგორც სვანიძე აღნიშნავს, სიახლემ საქართველო ინვესტიციების კუთხით უფრო მიმზიდველი გახადა.

„ზეითუნის ზეთის Extra Virgin კატეგორიაში, პრემიუმ ლიგაში გადავიდა და  ის უკვე სულ სხვა საფასო სეგმენტშია მოქცეული. ქართული ზეთი უკვე საკუპაჟოდაც გამოიყენება. ამ მაღალმა ხარისხმა უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაც განაპირობა. ჩვენ  უკვე 3 სხვადასხვა ჯგუფთან ვსაუბრობთ, საკმაოდ დიდ და სერიოზულ კომპანიებთან. ინტერესი ძალიან მაღალია და ვფიქრობ, წლის ბოლოს უკვე გარკვეული შედეგები დაიდება,“-აცხადებს  გიორგი სვანიძე.

როგორც ცნობილია, ქართული ზეთი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.

2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში "ქართული ზეთისხილის" გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გაიხსნა.

ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

კომპანიამ „ქართული ზეთისხილი“ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები