სოფლის მეურნეობა
01/07/2020

ლაგოდეხში თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა

ლაგოდეხში თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა.

პროექტი სოფელ თელაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების მხარდაჭერით აშენდა, რომელსაც ოპერირებას შპს „აგრითრეიდი“ უწევს.

საწარმოში, ჯამურად, 900 000-ზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500 000-მდე ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

ახალ საწარმოში 16 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმო ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 ფერმერს მოემსახურება.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, ერთად გახსნეს.

„თხილის ახალი საწარმო ფერმერებს მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. საწარმოში შესაძლებელია პროდუქციის მაღალ დონეზე გაშრობა, დამუშავება, შენახვა, რაც ზრდის თხილის ღირებულებას. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს, რომელიც აქტიურად გვეხმარება ქართული ფერმერული მეურნეობების განვითარებაში", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. კერძო ფერმერები და მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს მსგავს ინსტიტუციებში, ხელს უწყობენ თხილის ბაზრისთვის სათანადო პირობების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს უკეთესი პროდუქციის მიღებას, მეტი შემოსავლების გენერირებას და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ახალი საწარმოს გახსნა მნიშვნელოვანია არამარტო კახეთისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საქართველოსთვის ახალი კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის აღდგენის პროცესში ეკონომიკური ზრდა მთავარ როლს თამაშობს. შესაბამისად, თხილის ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

Businesspartner