სოფლის მეურნეობა
19/08/2021

ლევან დავითაშვილი: დღეს 1 ჰა-ზე 1 ტონა მოსავალს ვიღებთ, მაჩვენებელი უნდა გავასამმაგოთ

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს რესურსი აქვს მოსავლის მოცულობა გაასამმაგოს. როგორც მან ლანჩხუთში განაცხადა, მოსავალი უნდა გასამმაგდეs, რომ სამჯერ მეტი იყოს ოჯახების შემოსავალი.

"გვჭირდება მეტი შემოსავალი თითოეულ ოჯახში, რომ ქვეყანა, თითოეული მხარე იყოს უფრო წარმატებული და ეს წარმატება უნდა მოვიტანოთ ერთობლივი შრომით," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, გურიაში, მოსახლეობის, დაახლოებით, 50% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. შესაბამისად, სამინისტროსთვის ამ რეგიონში შედეგების ჩვენება არის მანიშნებელი, რამდენად წარმატებულია დარგის ხელშეწყობის პოლიტიკა.

„მეტი რესურსი უნდა გავაჩინოთ იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. გურია გამორჩეულად მცირემიწიანია. შესაბამისად, ალბათ უფრო მეტი შემოქმედებითობა, უფრო მეტი ორიგინალური მიდგომები, უფრო მეტი ტექნოლოგიები და ინვესტირება გვჭირდება იმისათვის, რომ 1 ჰა მიწაზე უფრო მეტი პროდუქტიულობა, მეტი ღირებულება შევქმნათ და ამას აკეთებდა გურია; ქმნიდა განსაკუთრებით მაღალი ღირებულებებს კულტურის წარმოებაში, სუბტროპიკული კულტურების წარმოებაში და დღეს გვაქვს შანსი, რომ გამორჩეული კულტურებით შევქმნათ დოვლათი ამ მხარეში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო გამოწვევა, რომელსაც ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა 10 წელი და მეტი ებრძოდა იმისთვის, რომ მოეხდინა პოპულაციის რეგულირება და გადაერჩინა მოსავალი.

„თითოეულ ოჯახში მივიტანეთ ცოდნა, მივიტანეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოსავლის გადარჩენა და მეტი შემოსავლის მიღება; თუმცა, დღეს მაინც შორს ვართ იმ ამოცანებისგან, რაც ჩვენ გვაქვს. დღეს ჩვენ ვიღებთ დაახლოებთ 1 ტ მოსავალს 1 ჰა-ზე, რაც შეიძლება გასამმაგდეს. ეს არის ჩვენი გეგმის ნაწილი - მინიმუმ გავასამმაგოთ მოსავალი იმისათვის, რომ სამჯერ მეტი იყოს შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში", -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ENPARD-ს შემდეგი ფაზა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება და 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, გურიის საჭიროებებს ითვალისწინებს, რაც გააჩენეს საშუალებას მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ადგილობრივ ინიციატივებს.

Businesspartner