სოფლის მეურნეობა
11/07/2021

ლევან დავითაშვილი: კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებაში სახელმწიფოს თანადაფინანსება ₾45 მლნ-ია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კენკროვანი კულტურების ფორუმს „გურია 2021" დაესწრნენ.

„კენკროვანი კულტურების ფორუმი პირველად იმართება. ბოლო წლებია, საქართველოს მეხილეობაში და, ზოგადად, სოფლის მეურნეობაში, კენკროვანი კულტურები ძალიან პოპულარული გახდა. ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაში სირთულეები და გამოწვევები ბევრია; სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ ფორუმზე, რომელსაც კენკროვანი კულტურების განვითარებაში ჩართული ყველა მხარე ესწრებოდა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ USAID-თან; მათი ახალი პროგრამა, სახელმწიფოსთან ერთად, ტექნიკურ დახმარებას უწევს როგორც ფერმერებს, ასევე გადამმუშავებლებს, რათა მათი პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გურია ლიდერობს კენკროვანი კულტურების გაშენების თვალსაზრისით. შედეგები მზარდია; სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაფინანსებულია 2500 ჰექტრამდე ახალი, თანამედროვე კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 45 მილიონ ლარს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია კი, 60 მილიონ ლარს აღემატება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფორუმის მონაწილეებმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს, „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის" დეტალები განიხილეს და თანამედროვე ცოდნასა და აგროტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მწარმოებლებმა ფორუმის მონაწილეებს ის გამოწვევები გაუზიარეს, რაც კენკრის ექსპორტის და მარკეტინგის მიმართულებით არსებობს და რაც დარგის კონკურენტუნარიანობის გაზრდას უკავშირდება.

Businesspartner