სოფლის მეურნეობა
18/03/2021

ლევან დავითაშვილი: შავ ზღვაზე თევზჭერასთან დაკავშირებით დიდი პროგრესი გვაქვს

მომდევნო წლებში, უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურმნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს მიღებულია აკვაკულტურის კანონი, ხოლო აკვაკულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნა აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქვეყანაში თევზის წარმოება, თევზის მეურნეობები განვითარდეს.

“დიდი პროგრესი გვაქვს შავ ზღვაზე თევზჭერასთან დაკავშირებით. აქ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, ხდება გადამუშავება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი საფეხურია, ერთი რგოლი იმ ჯაჭვში, რომელიც, ქვეყანაში ზოგადად, აკვაკულტურის, მარიკულტურის პროდუქტების განვითარებას ითვალისწინებს. სწორი კანონმდებლობის საფუძველზე შეიძლება ამ მიმართულების უკვე სხვა ტიპის მხარდაჭერა. ფინანსური, საგრანტო მხარდაჭერა, თანადაფინანსებები და ტექნიკური დახმარება განახორციელოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენ მდგრადი გვქონდეს ასეთი ტიპის მეურნეობები. ვფიქრობ, 2021 წელი აკვაკულტურის პროექტების განხორციელების მიმართულებით გარდამტეხი იქნება და მომდევნო წლებში უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

Businesspartner