სოფლის მეურნეობა
07/05/2021

მევენახეებს ხარისხიანი ყურძნის მოყვანა დაუფასდებათ

რთველი 2021-ის დროს ხარისხიანი ყურძნის ფასი 2-ჯერ ძვირი ეღირება დაბალხარისხიანთან შედარებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას თქმით, წელს რთველის დროს ყურძნის ხარისხზე მთავარი აქცენტი გაკეთდება, კერძოდ, ყურძენში შაქრიანობის დონეზე.

ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ ფერმერებს აქვთ საკმარისი დრო ახალი წესებისთვის მოსამზადებლად, დაიჭირონ თადარიგი, შესაბამისად გასხლან ვენახი, შეწამლონ, მორწყვის დროს დაიცვან წესები.

„ზუსტ ფასებზე ჯერ არ ვართ მზად კითხვაზე გიპასუხოთ, მაგრამ ყურძნის ფასებს შორის განსხვავება იქნება საგრძნობი, ანუ საუბარია, რომ 2-ჯერ ნაკლები იქნება არაკონდიციური ყურძნის ფასი საბაზრო ფასთან შედარებით“, - განაცხადა მეხუზლამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება იზრუნებს, იმაზე, რომ არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი, თუმცა, ფასები მისი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება.

სახელმწიფომ 2021 წლის რთველისთვის მზადება დაიწყო. დაგეგმილია ყურძენში შაქრიანობის საზომი 30 ერთეული დანადგარის შეძენა, რომელიც ჩასაბარებელ პუნქტებში გადანაწილდება. ამ მიზნით 3.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

 

Businesspartner