სოფლის მეურნეობა
10/05/2021

მოიჯარეები სახელმწიფო მიწის გამოსყიდვისას 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

მოიჯარეებს, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო მიწას ამუშავებენ, შესაძლებლობა აქვთ პირდაპირი წესით, მიწის ნაკვეთები საბაზრო ფასად გამოისყიდონ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, გამოსასყიდი ფასი მაღალია და ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა მიწის გამოსასყიდად. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოიჯარეებს მიწის გამოსყიდვისას 25%-იანი ფასდაკლება შესთავაზოს.

“მთავარი ამოცანაა, დაუმუშავებელი მიწები არ დარჩეს და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, მოიზიდონ დაფინანსება.

ჩვენ ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, გადავწყვიტეთ, შესაძლებელი იქნება მოიჯარებმა 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი ინფორმაციით, საქართველოში 2 000-მდე მოიჯარეა, რომელიც სახელმწიფო მიწას ამუშავებს.

Businesspartner