სოფლის მეურნეობა
08/04/2021

მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა უქმდება

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოსყიდვის მექანიზმი ფართოვდება.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მოიჯარეები გამოისყიდიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რომელზეც მრავალწლიანი ნარგავები აქვთ გაშენებული და ამუშავებენ.

“იმის გამო, რომ ეს მიწა სახელმწიფო საკუთრებაა და მათ მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება აქვთ, არ შეუძლიათ მოიზიდონ საბანკო დაფინანსება, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობაში შეზღუდულები არიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მოიჯარეები პირდაპირი გამოსყიდვის წესით, საბაზრო ფასად შეძლებენ ნებისმიერი ზომის მიწის ნაკვეთის შეძენას.

მინისტრის განმარტებით, აქამდე ეს 10 ჰექტარით იყო შეზღუდული.

გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, სახნავ კატეგორიას ემატება სათიბი.

“ჯამში, ეს არის 11 000 ჰექტარზე მეტი მიწა, რომელსაც კერძო მესაკუთრე ეყოლება. 2 200-ზე მეტი ფერმერი კი, არა უბრალოდ მოიჯარე იქნება, არამედ სერიოზული ინვესტიციის ჩადებას შელძებს მიწაში. დასაქმდება ათასობით ადამიანი, შემოსავალი იქნება სოფლის მეურნეობიდან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner