სოფლის მეურნეობა
29/11/2021

მთავრობა საყოველთაო აგროდაზღვევის შემოღებაზე მუშაობს

აგროდაზღვევა შესაძლოა საყოველთაო გახდეს. სექტორში არსებულ პრობლემებზე ის სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სამინისტრო აგროდაზღვევის სფეროში ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, დაზღვევის საყოველთაობაზე. მისივე თქმით, სამინისტროში დაზღვევის განვითარების სტრატეგია უკვე მომზადებულია.

საკითხის მიმოხილვისას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ აგროდაზღვევა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჯერ მაინც ჩანასახის პროცესშია და მის განვითარებას დრო დასჭირდება. აგროდაზღვევის წარმატებულ მაგალითად ონოფრიშვილმა ესპანეთის 44 წლიანი გამოცდილება მოიყვანა, თუმცა აღნიშნა, რომ პირველი 10-12 წელი მათთვისაც რთული იყო.

ონოფრიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე აგროდაზღვევის წილი წლიდან წლამდე იზრდება, ის ჯერ მაინც ძალიან მცირეა და 2020 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 3%-ს მოიცავდა.

მისივე თქმით, ფერმერების მხრიდან აგროდაზღვევაში ჩართულობის მზადყოფნის დაბალი მაჩვენებელია. ფერმერების მხრიდან, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მაინც რისკების არასრულყოფილი დაზღვევა სახელდება. პრობლემაა ასევე მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის მიმართულებების დაზღვევის საკითხი.

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, ფერმერებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა.

პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულებას  აფორმებს და ამის საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

 

Businesspartner