სოფლის მეურნეობა
11/02/2021

ნინო წილოსანი: რამდენიმე წელში აგროსექტორში კარგი შედეგები გვექნება 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე „ბიზნესპარტნიოთან“ აცხადებს, რომ საქართველოს რამდენიმე წელში სოფლის მეურნეობის მიმართულებით კარგი შედეგები ექნება. 

„სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ის ისტორიულ-კულტურული მოცემულობა, რაც გვაქვს. ზოგადად ჩვენი მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში, ბოსტნეული და სხვადასხვა კულტურები უფრო მეტად მოიყვანებოდა, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს აქვს თითქმის ყველანაირი მხარდაჭერის პროგრამა, რაც შეიძლება რომ სოფლის მეურნეობაში განახორციელოს და ფერმერი წაახალისოს. 

ახლაც დამუშავებულია იმერეთის აგროზონის პროექტი, რომელიც გულისხმობს მწვანილის და სხვადასხვა ერთწლოვანი მცენარეების მოყვანის კლასტერის შექმნას, აგრეთვე ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ამ მიმართულებით კარგ შედეგებს მოგვცემს. შესაბამისად, თითოეულ ე.წ. ჩავარდნაზე, სადაც გვაქვს ნაკლები წარმოება, ვიდრე შეიძლება ჩვენი პოტენციალი იყოს, სამინისტროს პროგრამები თუ სხვადასხვა მიმართულებები მუშაობს და მაქსიმალურად ფარავს იმ დანაკლისს, რომელიც შეიძლება გვქონდეს. თუმცა, ამ მოცემულობის პირობებშიც, რა თქმა უნდა რჩება ბევრი პროდუქცია, რომელიც შეიძლება იმპორტით შემოგვაქვს ან თუნდაც საექსპორტოდაც არ გაგვაქვს ის ოდენობა, რისი პოტენციალიც გვაქვს, მაგრამ 2020 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, კარგი შედეგები გვაქვს. ეკონომიკის სხვა დანარჩენ დარგთან შედარებით, სოფლის მეურნეობის ექსპორტი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. 

ამასთან, საზოგადოების გარკვეული ნაწილი გადაერთო სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, შესაბამისად, ვხედავთ, რამდენიმე წლის თავზე საკმაოდ კარგი შედეგები გვექნება“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა. 

მისი თქმით, გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქტები ისე მალე არ იძლევა შედეგს, როგორც სხვა წარმოების პროდუქცია.

„სოფლის მეურნეობას თავისებური სპეციფიკა აქვს. ყველა ის პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ ატამთან, შავ მოცვთან და სხვადასხვა კულტურების მოშენებასთან დაკავშირებით, პირდაპირ უკავშირდება დროის ფაქტორს, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეიძლება ისე მალე არ გვაძლევს თავის შედეგს, როგორც ეს შეიძლება იყოს სხვა წარმოების და გადამამუშავებელი პროდუქტების შემთხვევაში. ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია“, - აცხადებს ნინო წილოსანი. 

ამასთან, როგორც დეპუტატი ამბობს, ევროკავშირში ქართული პროდუქტის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. 

„ბევრი ჩვენი პროდუქტი გადის ევროკავშირის ქვეყნებში. თხილი, დასავლეთ საქართველოს კულტურებს შორის ერთ-ერთი აქტიურად ექსპორტირებადი პროდუქტია. ციტრუსის ევროკავშირში გატანის პრეცედენტიც იყო, თუმცა, ის უფრო მეტად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შავი მოცვის გატანა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

დეპუტატის თქმით, აგრარულ საკითხთა კომიტეტს დაწყებული აქვს კვლევა, იმის დასადგენად, რა ბარიერებია გადასალახი, იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარი ათვისებული იყოს სოფლის მეურნეობის პროდუქციით. 

„2-3 თვეში გვექნება სიღრმისეული კვლევა, რა უნდა შევცვალოთ კანონმდებლობის დონეზე, რა ხელის შემშლელ ფაქტორებს აწყდება ჩვენი აგრარული პროდუქცია, იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა. 

Businesspartner