სოფლის მეურნეობა
29/12/2022

ოთარ შამუგია: ფერმერების წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

მელიორაციის მიმართულებით 1 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება და ფერმერების წყალზურუნველყოფა გაუმჯობესდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიან "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში ისაუბრა. 

მისი თქმით, დონორებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და მელიორაციის მიმართულებით 300 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, ამას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი დაემატება. 

"დღეს, მითუმეტეს, კლიმატის ცვლილების ფონზე, ჩვენს ფერმერებს წყლით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე არსებული ინფრასტრუქტურა განვაახლოთ, შემოვიტანოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითად, როგორიცაა წვეთოვანი სარწყავი სისტემები და სხვა მექანიზმები, იმისთვის, რომ ფერმერებმა მაქსიმალური შედეგი მიიღონ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებებით შევძელით, რომ სამჯერ არის გაზრდილი გასარწყავებული ფართობი, 160 000 ჰა-ზე მეტი ჰექტარი ფართობის მორწყვაა შესაძლებელი, თუმცა, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე დონორთან, მათ შორისაა მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, აზიის ბანკი. დონორებთან შეთანხმებით, მთლიანობაში დაახლოებით 250- 300 მლნ დოლარამდე ინვესტირებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში სწორედ მელიორაციის და მიწის მართვის მიმართულების გასაუმჯობესებლად. ამას ემატება ბიუჯეტის დაფინანსება, რომელიც დაახლოებით 70 მლნ ლარის ფარგლებშია ყოველწლიურად და ესეც მზარდი იქნება.

მომავალი წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით 1 მლრდ ლარის მობილიზება ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან დიდი ცვლილებები განვახორციელოთ ამ კუთხით, რომლის შედეგადაც გაიზრდება გასარწყავებული ფართობების რაოდენობა, გაუმჯობესდება ფერმერების წყალუზრუნველყოფა", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

Businesspartner