სოფლის მეურნეობა
18/03/2022

ოთარ შამუგია: სააუზო მართვის სისტემის დანერგვა ახალი გამოწვევაა

სააუზო მართვის სისტემის დანერგვა ახალი გამოწვევაა, მდინარეების აუზებისთვის წყლის რესურსების მართვის გეგმები შესამუშავებელია და, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ევგენი ჟუკოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის გეგმების შემუშავება და ამ მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ქვეყნისთვის პრიორიტეტია.

ევგენი ჟუკოვმა საქართველოში სააუზო მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა ქვემო სამგორის საირიგაციო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის, ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის პროექტები, რომელიც წარმატებით ხორციელდება.

ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მასთან გამკლავების საკითხებსაც.

ევგენი ჟუკოვმა მინისტრს ის მიზნები გააცნო, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერ აგრარული სექტორის ხელშეწყობას გულისხმობს და განსაკუთრებული ყურადღება წყლის რესურსების მართვის საკითხებზე გაამახვილა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტებზეც, რაც ქვეყანას გარემოს დაცვის მიმართულებით გააჩნია.

"შევიმუშავეთ ეროვნული წვლილის დოკუმენტი, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს სათბური აირების შემცირება და იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რომელიც აღებული გვაქვს მდგრადი განვითარებისათვის. კლიმატის ცვლილების საკითხები ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტული ნაწილია, როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილების ადაპტაციაზე, აუცილებელია, განვავითაროთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ფერმერებს, ამ ცვლილების ფონზე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აგრარული პროდუქციის წარმოებას გაუადვილებს", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ინვესტირების პრიორიტეტულ მიმართულებებად ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და საფინანსო სექტორი დასახელდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი, ADB - ის პროექტის უფროსი ოფიცერი ავთანდილ ცხვიტავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Businesspartner