სოფლის მეურნეობა
12/04/2021

პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის - სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია იმართება

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია - „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” იმართება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აგროტურისტული ონლაინ პლატფორმის agrogate.world პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.

ონლაინ პლატფორმის agrogate.world საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებ გვერდზე ფოტო მასალასთან ერთად განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდოები, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

აგროტურიზმი, როგორც დასვენებისა და განვითარების ფორმა, მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. გადაღლილი ადამიანი თავს სულ უფრო ხშირად აფარებს ბუნებას, სოფელს, ეფლობა პასტორალურ ცხოვრებაში - მონაწილეობს სოფლის მეურნეობაში, უვლის შინაურ ცხოველებს, მუშაობს მიწაზე, ინტერესდებიან სოფლად შემორჩენილი უძველესი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით. განტვირთვა-დასვენების საუკეთესო ფორმასთან ერთად, აგროტურიზმი თავის თავში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესში გარკვეულ კონკურენციასაც გულისხმობს, რაც ამ სფეროს სწრაფი განვითარების პერსპექტივას ერთიორად ზრდის.
როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, აგროტურიზმიდან შემოსული სარგებელი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია. იმისთვის, რომ განვითარდეს აგროტურიზმი საქართველოში აუცილებელია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გამართული ფერმერული მეურნეობა.
შეხვედრის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება gfadigital.ge და მასში შემავალი ხუთი (Agronavti; agroskills.ge; Agromap.ge; Smart Villige ; Agrojobs.ge) პლატფორმა, რომლებიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შეიქმნა და სოფლის მეურნეობის, პროფესიული სწავლების, ტურიზმისა და დასაქმების სფერო გააციფროვნა.

შეხვედრას ამერიკის სრულფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

Businesspartner