სოფლის მეურნეობა
10/05/2021

პესტიციდების გამოყენების ტექნიკური რეგლამენტი 2024 წლიდან ამოქმედდება

მთავრობამ „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ რეგლამენტის ამოქმედება უზრუნველყოფს პესტიციდების ბაზარზე განთავსების პროცედურების სრულყოფას, რაც წარმოადგენს მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტიანი გამოყენებისა და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების საფუძველს.
​რეგლამენტი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა.

გარდამავალი პერიოდი მაკონტროლებელ ორგანოებს მისცემს სათანადო დროს ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოსამზადებლად.

​რეგლამენტი განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები.

რეგლამენტის თანახმად, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ უზრუნველყოფს ქვეყანა მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის პრინციპების განხორციელებას; პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, მცენარეთა დაცვისას და მავნე ორგანიზმებისა და კულტურების მენეჯმენტისას არაქიმიური მეთოდების გამოყენებას.

რეგლამენტი ევროკავშირთან ასოცირების და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში მომზადდა.

Businesspartner