სოფლის მეურნეობა
01/10/2020

რა ფაქტორები აფერხებს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას

სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირება წლიდან წლამდე 100 მლნ ლარით იზრდება.

წელს, ბიუჯეტიდან, თითქმის 0,5 მლრდ ლარის დახარჯვა იგეგმება აგროსექტორის განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, სფეროს სპეციალისტები, ქვეყანაში აგრო მიმართულების განვითარების ტემპებს იწუნებენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ამ დრომდე ვერ მოხერხდა სექტორის კომერციალიზაცია.

Agro Solutions-ის წარმომადგენლების თქმით, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აგრარულ დარგში, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

"ქართველი ფერმერების 50%-ზე მეტი, პროდუქციის წარმოებისთვის ისევ იყენებს ჭარბი შემცველობის ქიმიკატებს, არადა ქვეყანას, თავისი უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, კარგი პოტენციალი აქვს, რომ ბიოპროდუქციის მწარმოებელი და კონკურენტუნარიანი ექსპორტიორი გახდეს  ევროკავშირის ქვეყნებისთვის. პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ფერმერების ნაწილი აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომლის სიჭარბეცაა ადგილობრივ ბაზარზე, შესაბამისად, პროდუქტის ფასი დაბალია, ან საერთოდ არ იყიდება.

ფერმერების გარკვეული ნაწილი დეფიციტურ პროდუქტს აწარმოებს, რაც თავის მხრივ თვითღირებულებას ზრდის და კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ პროდუქციას.  შესაბამისად, ფერმერი იძულებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს პროდუქცია, რის გამოც ზარალდება. აგრო სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს და ამ თავისებურებების გათვალისწინება აუცილებელია ბიზნესის წარმატებით ფუნქციონირებისთვის,“ - ამბობს "აგრო სოლუშენს“ ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი დიანა ბერაია.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც სფეროს სპეციალისტები საუბრობენ, მცირემიწიანობაა, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება პროდუქციის წარმადობაზე. პრობლემიდან გამოსავალს სპეციალისტები ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების შექმნაში ხედავენ.

"მცირემიწიანობის პირობებში, აგროპროდუქტის წარმოება არაეფექტიანია. წარმოების მასშტაბების გამსხვილებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელიც უზრუნველყოფს მიწების გამსხვილების პროცესს; სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გაუმჯობესებას. ასევე ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას,“ - ამბობს ბერაია.

 

Businesspartner