სოფლის მეურნეობა
04/06/2021

რა შესაძლებლობებს აძლევს ფერმერებს გაფართოებული "დანერგე მომავალი"

სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალი“ გაფართოვდა და ბაღების გასაშენებლად თანადაფინანსებით თვითმმართველი ქალაქებიც ისარგებლებენ. ცვლილება მთავრობის დადგენილებაშია შესული, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ ცვლილების მიზეზს განმარტავს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თვითმმართველ ქალაქებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიკუთვნება ხდება, შესაბამისად დაფინანსების კომპონენტში მათზე შეზღუდვა მოიხსნა, რადგან ფერმერებს ბაღების გაშენების შესაძლებლობა მიეცეთ.

რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, ნატალია ხარატიშვილის განცხადებით, ის ამ ეტაპზე გაზრდილი არ არის, თუმცა მიმდინარეობს გადახედვა.

“ბიუჯეტი ამ ეტაპზე გაზრდილი არ არის. ჩვენ გვაქვს აგრო ვადები. დასავლეთ საქართველოში აგრო ვადა იწყება 1-ლი ნოემბრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში 10 ნოემბრიდან და მთავრდება 30 აპრილს. შესაბამისად თანხების ძირითადი ნაწილი გადის ხოლმე მომდევნო წელს, თუ ბაღი 30 აპრილის ჩათვლით შენდება. ახლა ბიუჯეტის გადახედვა მიმდინარობს. 18 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა დიდი ალბათობით გაიზრდება“, - აღნიშნა ნინო ხარატიშვილმა.

გარდა ამისა, დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დაზუსტდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დასაფინანსებელი ჰექტრების და თანადაფინანსების მოცულობა.

ნინო ხარატიშვილის ინფორმაციით, ჭა/ჭაბურღილის მოწყობის შემთხვევაში თანადაფინანსება მოხდება ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 15 000 ლარი, ხოლო კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის სოფლებისთვის და მაღალმთიანი სოფლებისთვის 60%, არაუმეტეს 18 000 ლარი.

წვეთოვანი სარწყავი სისტემების შემთხვევაში უკვე არსებულ ბაღებში, რომელიც ფენეფიციარებს საკუთარი ძალებით აქვთ გაშენებული და არა “დანერგე მომავალი“ პროგრამით, ფინანსდება 50%, 0.5 ჰა-დან 50 ჰა-მდე. 1 ჰა-ზე ლიმიტი 2 500 ლარია - ეს ჩვეულებრივი სოფლის შემთხვევაში. ხოლო მაღალმთიანი გამყოფი ხაზის სოფლისთვის და კოოპერატივებისთვის 60%-იანი დაფინანსებაა. 1 ჰა-ზე მაქსიმუმ 3 000 ლარი.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა.

პროექტი “დანერგე მომავალი“ 2015 წელს შეიქმნა, რომელიც ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად, აგრეთვე მისი ამოცანაა მაღალხარისხიანი სანერგე მეურნეობის შექმნა.