სოფლის მეურნეობა
26/10/2021

რაჭული სოჭის მოპოვებაზე აუქციონის გამოცხადება 2022 წელს იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭული სოჭის მოპოვებაზე აუქციონის გამოცხადებას 2022 წლის დასაწყისში გეგმავს. საუბარია რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც გადაიხედება სალიცენზიო პირობები, კვოტები და ფასები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უწყება განახლებულ პირობებზე მუშაობას მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაასრულებს.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში სოჭის გირჩის მოპოვების ლიცენზიის მფლობელია, აქედან ყველა მათგანი გადახედვას ექვემდებარება.

ამირგულაშვილის განცხადებით, სამინისტროს დაკვეთით და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, რაჭაში, დაახლოებით 5 000 ჰა მიწის ფართობზე განხორციელდა კვლევა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იმის დადგენა თუ რა რესურსია რეგიონში და რა კვოტები უნდა დაწესდეს.

მისი ინფორმაციით, მომავალი წლიდან გამოცხადდება აუქციონი ახალი პირობებით და ახალი ფასებით. როგორც ამირგულაშვილი აცხადებს, აუქციონის საწყისი ფასი დამოკიდებულია მოცულობასა და წლებზე. 

კითხვაზე, როდის გაიცა ლიცენზიები და რა პირობებით, ამირგულაშვილი განმარტავს, რომ ლიცენზიების უდიდესი ნაწილი 2009 წელსაა გაცემული.

„2019 წელს მოხდა გაგრძელება 1-2 წლით ვადით,“ - აცხადებს ამირგულაშვილი. მისი განცხადებით, რეფორმის შემდეგ დამატებით ბენეფიტებს მიიღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტიც.

საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წელს გავიდა 35 315 კილოგრამი სოჭის თესლი. მისი ექსპორტი განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის: დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. როგორც ამირგულაშვილი აცხადებს, საქართველოდან 2019 წელს 14 964 (1.7 მლნ ლარი) კილოგრამი სოჭის თესლი იქნა ექსპორტზე გატანილი, ხოლო 2018 წელს - 51 161 კილოგრამი (3.2 მლნ ლარი).

ცნობისთვის, გირჩის შეგროვების პროცესი რაჭაში სექტემბერშია. სოჭის გირჩი მოიპოვება სამცხე-ჯავახეთში, თუმცა, უდიდესი ნაწილი რაჭაში.

 

Businesspartner