სოფლის მეურნეობა
15/03/2022

რას გულისხმობს ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის ამაღლების სტრატეგია

ევროკავშირმა და FAO-მ ონლაინ სემინარს უმასპინძლეს, სადაც 2017-2020 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის შეფასების შედეგებზე იმსჯელეს.

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო ექსპერტმა საანგარიშო პერიოდის შედეგების შეჯამება და ძირითადი გამოწვევები წარუდგინა.

ეროვნული სტრატეგიის მთავარი მიზანია, ხარისხიანი და ეკონომიური საკონსულტაციო სრვისების შედეგად, ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობა აამაღლოს. სტრატეგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით შეიმუშავა.

"ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა გზა განვლო საქართველოს სოფლის მეურნეობამ. მნიშვნელოვანია, შევაფასოთ თუ რა გაკეთდა, რა შეიძლება გაუმჯობესდეს და რომელ სფეროებს სჭირდება მეტი ყურადღება და რესურსი მოცემული ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში. გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ FAO-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ მათი მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისთვის", - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

სესიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სტრატეგიით გაწერილმა აქტივობებმა დადებითი შედეგები მოიტანა, თუმცა, ასევე საჭიროა პროცესის გაგრძელება -ექსტენციის სერვისებისადმი ნდობის გაძლიერება, საჯარო და კერძო ექსტენციის სერვისის პროვაიდერების ინტეგრირება, საქართველოში სანდო ინფორმაციასა და კონსულტაციაზე წვდომის გაუმჯობესება და ექსტენციონისტების კვალიფიკაციის ამაღლება.

"სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობა ძალიან მრავალფეროვანია და სახელმწიფოსა და საჯარო სექტორის  სათანადო  მხარდაჭერით მას აქვს გაზრდისა და განვითარების დიდი პოტენციალი. ევროკავშირი აგრძელებს ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის მხარდაჭერას FAO-სთან, სამინისტროსთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან (RDA) მჭიდროდ თანამშრომლობით", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის უვნებლობის პროგრამის ოფიცერმა ბატონმა ჟორჟ დეჰუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ექსტენციის სტრატეგიამ ასევე უნდა შეამციროს დიდი სხვაობა მცირე მეწარმეებსა და მსხვილ კომპანიებს შორის, სასოფლო-სამეურნეო  მექანიზაციაზე წვდომის თვალსაზრისით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სერვისების ეროვნული სტრატეგიის შეფასების შედეგად, 2022-2027 წლების ექსტენციის სტრატეგიის მთავარი გამოწვევები და პრიორიტეტები იქნება: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, ირიგაცია, ინოვაცია, დიდი მონაცემების გამოყენება, მექანიზაცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მარკეტინგი, ბიზნესგეგმების მომზადებაში მხარდაჭერა და მეწარმეობის ხელშეწყობა.

"ფერმერებში ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა დღეს ქართული სოფლის მეურნეობის მთავარი გამოწვევაა. ამის გამო, სოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ჩვენ ვერ ვაუმჯობესებთ საარსებო წყაროებს. მხოლოდ სოფლის მეურნეობას შეუძლია გამოიყვანოს სოფლად მცხოვრები ათასობით ადამიანი სიღარიბიდან. ამისთვის ეფექტური ექსტენციის სერვისი, როგორც საჯარო, ისე კერძო,  არის ფუნდამენტური საშუალება, რომ  ვასწავლოთ  ფერმერებს უფრო მდგრადი წარმოება, გაზრდილი მოსავლით", - განაცხადა FAO-ევროკავშირის პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.  მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard/.

 

Businesspartner