სოფლის მეურნეობა
11/03/2023

რატი კოჭლამაზაშვილი: ლურჯი მოცვის ექსპორტიორებმა ბაზრის დივერსიფიცირებაზე უნდა იმუშაონ

ფერმერთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ლურჯი მოცვის ექსპორტიორებმა ბაზრის დივერსიფიცირებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს, პროდუქტის ძირითადი ნაწილი რუსეთში იყიდება. მისივე განმარტებით, გასულ წელს ფერმერებისთვის საშუალო საექსპორტო ფასი მეტნაკლებად მისაღები იყო, თუმცა ფერმერებს უფრო მაღალი შემოსავლის მიღების მოლოდინიც ჰქონდათ.

"საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რომ მოხდეს მოცვის ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირება. გასულ წელს აგროსაშუალებებზე, ისევე როგორც მუშახელზე, ფასები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ასევე, სხვა სექტორების მსგავსად, აქაც შეინიშნებოდა მუშახელის დეფიციტი. ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რამაც პანდემიის შემდეგ პერიოდში კიდევ უფრო მეტად იჩინა თავი. სხვა მხრივ, ეს არის ახალი მიმართულება. კერ კიდევ ძალიან ბევრია ასათვისებელი. იგივე, მოცვის საშუალო მოსავლიანობა არ არის იმ რაოდენობის რაც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა ამ მიმართულებით აქტიური მუშაობაა საჭირო.“-აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოდან მოცვის ექსპორტის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს ქვეყნიდან 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების კენკრა გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი (97%) სწორედ მოცვი იყო. ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა. პროდუქციის 89% კი რუსეთის ბაზარზე გავიდა.

გასულ წელს რუსეთში 7.6 მლნ დოლარის ღირებულების 1200 ტონაზე მეტი მოცვი გაიყიდა. მცირე მოცულობებით, მოცვი ექსპორტზე გავიდა სომხეთსა და გაერთიანებულ საამიროებშიც. კერძოდ, სომხეთზე მოცვის მთლიანი ექსპორტის 6%, ხოლო არაბეთზე 2% მოდიოდა. რაც შეეხება პროდუქტის საექსპორტო ფასს. ეს მაჩვენებლებიც ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება.

ბოლო ოთხ წელში ფასი დაახლოებით, 4 დოლარით არის გაზრდილი. მაგალითად, გასულ წელს, ერთი კილოგრამი მოცვის საშუალო ღირებულება 5.6 დოლარს შეადგენდა. 2018-ში კი მოცვის საექსპორტო, საშუალო ფასი 2.6 დოლარი იყო.

Businesspartner