სოფლის მეურნეობა
10/06/2020

რატომ ეხმარება მთავრობა ფერმერებს - პრემიერის განმარტება

სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია და ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება, რომ თავი შევინახოთ, შევინარჩუნოთ და ერთ წელიწადში, როდესაც ყველაფერი ეს აღდგება, ფორმა არ დავკარგოთ და ვიყოთ ისევ მზად, - განაცხადა პრემიერმა სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრაზე.

გახარიამ ახსნა რატომ ეხმარება მთავრობა სოფლის მეურნეობას.

„ტურიზმის გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო. მეორე დარტყმა სოფლის მეურნეობამ, რადგან რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოეყვანა ვაშლი, თხილი, ყურძენი, ღვინო, კიტრი, პომიდორი - იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ-ია. მესმის, უფრო მეტია საჭირო, მაგრამ ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. დღეს, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რამაც ყველას უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ თავი შევინახოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდებისთვის, რომელიც ნამდვილად დადგება. ამ დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველ რიგში, მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი და საწვავის გაიაფება დიდი თემაა ძალიან და ესეც ვერ იქნება ერთ დღეში, მაგრამ ეტაპობრივად ყველა უნდა მიეჩვიოს, ქვეყანაში ყველა ბიზნესის წარმომადგენელი, რომ სოფლის მეურნეობას პირველ რიგში სახელმწიფო უნდა მიეხმაროს ასე ჰორიზონტალურად ყველას, საწვავის მაქსიმალურად გაიაფების ნაწილში ისევე, როგორც ეს ვაუჩერიზაცია ჰექტარ მიწაზე კარგი თემაა. ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ. 27 000-მა ფერმერმა გამოიყენა უკვე ეს, ისევე, როგორც ამ აგრო დიზელითაც სარგებლობენ. ესეთი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იქნება. ძალიან კარგად მახსოვს, ვაშლის ბაღებში რომ ვისხედით, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, წვეთოვანს რომ მიფინანსებთ, ჭაბურღილით დამიფინანსეთო და ეს გავაკეთეთ. იქიდან 2-3 იდეა წამოვიღეთ და ის წვეთოვანი გავაკეთეთ სწრაფად. ადამიანს, რომელსაც გვერდზე სარწყავი არ აქვს და ბაღები აქვს გაშენებული, რათ უნდა იმას წვეთოვნის დაფინანსება, თუ ჭაბურღილი არ დაუფინანსეს, საიდან უნდა მოიტანოს წყალი. ერთმა ჭკვიანმა ფერმერმა ეს გვითხრა, გავუკეთეთ და დავუფინანსეთ. ეს გვინდა ახლა თქვენგანაც. სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი - ვაიმე მომეხმარეთ, რა ვქნა, ვაიმე ტურისტი როდის ჩამოვა, ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება და სახელმწიფო, გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner