სოფლის მეურნეობა
24/01/2023

როგორ ეხმარება FAO და EU რძის პროდუქტის მწარმოებელ ქალ ფერმერებს

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO), ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის 21 სოფელში 24 „ფერმერთა საველე სკოლა“ (FFS) შექმნა. საგანმანათლებლო კურსში 330-ზე მეტი რძის პროდუქტის მწარმოებელი ქალი ფერმერი ჩაერთო.

ექსპერტმა ვეტერინარებმა, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიზნით, რძის პროდუქტების მცირე წარმოების პირობებში  FFS-ში ტრენინგის კურსი ჩაატარეს. პროექტის ყველა მონაწილემ გაიარა ტრენინგის კურსი. ამასთანავე, მათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მასალა და მოწყობილობა გადაეცათ სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად.

სახლის პირობებში რძის პროდუქტის წარმოების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ FFS-ის ტრენინგებზე, აქცენტი გაკეთდა რძის შემადგენლობაზე, ლაქტაციასა და მოწველის ჰიგიენაზე. ამასთანავე, ადგილობრივი ქალი მწარმოებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კოლოსტრუმი, მოწველის ინტერვალები, რძის დამუშავება და გადამუშავება, თუ წარმოების სხვა ეტაპები და პროცედურები.

FFS-ის ქალმა ფერმერებმა ასევე შეისწავლეს რძის ფერმებში ყველაზე გავრცელებული დაავადების – მასტიტის შესახებ. მათ შეიტყვეს თუ რა გავლენას ახდენს ეს დაავადება  რძისა და რძის პროდუქტის წარმოებასა და ხარისხზე. ტრენინგები მასტიტის დიაგნოზირებასა და პრევენციის ზომებსაც მოიცავდა.

საგანმანათლებლო კურსი პრაქტიკული ხასიათისაც იყო. FAO-ს ვეტერინარებმა ქალ ფერმერებს, მასტიტის კალიფორნიული ტესტების გამოყენება ასწავლეს და აღნიშნული ტესტები მათ საჩუქრადაც გადასცეს. ტრენინგის მონაწილეებმა, ასევე, თერმომეტრები და ცურის მოვლის საშუალებებიც მიიღეს საჩუქრად.

2023 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ადიგენში რძის პროდუქტის წარმოების შესახებ ტრენინგები გაგრძელდება. FAO-სა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, მსგავსი საგანმანათლებლო კურსები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება, განსაკუთრებული აქცენტი კი მცირე მასშტაბის მწარმოებელ ქალ ფერმერებზე გაკეთდება.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებშიპროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე

Businesspartner