სოფლის მეურნეობა
02/08/2021

რთველი 2021 - ყურძნის ფასს კერძო სექტორი აფასებს

კახეთში მალე რთველი დაიწყება. განისაზღვრა რქაწითელის მინიმალური ფასიც, რომელიც  1 კილოგრამზე 90 თეთრს შეადგენს. ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რთველთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ, რადგან  მიაჩნიათ, რომ წლევანდელი მოსავალი საკმაოდ კარგია. 

კომპანია „მეღვინეობა ვაზიანის“ დირექტორი ნათია მეტრეველი განმარტავს, რომ წელს კომპანია ყურძნის მცირე რაოდენობის მიღებას გეგმავს,რადგან „მეღვინეობა ვაზიანს“ თავად აქვს ვენახები. 

რაც შეეხება ფასს, მეტრეველი განმარტავს, რომ რეალობას რთველის პროცესი აჩვენებს.

„კარგი იქნება, თუ გლეხი და კომპანია უშუალო კომუნიკაციაში იქნებიან. ჩვენს ნაწილში ეს ასე ხდება, პირდაპირ გლეხთან გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა, იმ მომენტისთვის დაფიქსირებული საბაზრო ფასი გავლენას ახდენს; საბაზრო ფასი კი რთველის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იცვლება, განსაკუთრებით წითელი ყურძნის შემთხვევაში. ერთ დღეს შეიძლება ერთი ფასი იყოს, მეორე დღეს - მეორე. ამიტომ ფასი არაპროგნოზირებადია,“ - აცხადებს მეტრეველი.

მცირე კომენტარით შემოიფარგლა კომპანია "შუმის" დამფუძნებელოი აკაკი ცოფურაშვილი. მისი ინფორმაციით, მისაღებია სახელმწიფოს მიერ დადგენილი სუბსიდირების მექანიზმი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა. 

კომპანია „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, რომ კომპანია წელს მხოლოდ საფერავის მიღებას გეგმავს, რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ რქაწითელის ფასს, ქსოვრელი მიიჩნევს, რომ 90 თეთრი დიდი ალბათობით მისაღები უნდა იყოს. 

ბიზნესმენისთვის მიუღებელია ზოგადად, ნებისმიერ ბიზნესში სახელმწიფოს მონაწილეობა,თუნდაც ეს სუბსიდირების ფორმა იყოს, რადგან არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ მევენახეობა და მეღვინეობა წარმატებული დარგია და ამავდროულად იქ სუბსიდირება ხდებოდეს. 

რქაწითელის ფასი მიუღებელია კახელი ფერმერი ილია პიტუაშვილისთვის. როგორც ის  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დღევანდელ პირობებში ხარისხიანი ყურძნის მოყვანა ფერმერს არ უღირს. ის მთავრობას გაწეული სუბსიდიისთვის მადლობას უხდის, თუმცა განსაზღვრული ფასით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

როგორც პიტუაშვილი აცხადებს, ეს ფასი გლეხებისთვის მისაღები არ არის, რადგან დღეს ვენახში და ყურძნის მოყვანაში გაწეული ხარჯი, მიღებული შემოსავლის საპირწონე არ იქნება. მისივე განცხადებით, ფერმერისთვის მისაღები ფასი 1.25 ლარი იქნებოდა.

ხარისხიანი ყურძნის მინიმალური ფასი 1.10 ლარი მაინც უნდა ყოფილიყო, ასე ველოდი. დაბალი ხარისხის ყურძენი კი 90 თეთრი. რთველი 2021 გლეხებისთვის კატასტროფა იქნება,“ - აცხადებს პიტუაშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობა წელს რთველის სუბსიდირებას მოახდენს. 1 კგ რქაწითელის ღირებულება არანაკლებ 0.90 ლარი იქნება. 

“ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით კი ღვინის სექტორის სტაბილურობისთვის და განვითარების პერსპექტივების შენარჩუნებისთვის წელს სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში 100 მლნ ლარია გამოყოფილი. წელს სამინისტრო 300 000 ტონა ყურძნის ინდუსტრიულად გადამუშავებას ელოდება.

 

 

Businesspartner