სოფლის მეურნეობა
16/12/2022

საქართველო საძოვრების მართვის ეროვნულ რეფორმას იწყებს

მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომლისთვისაც ხარისხიანი და პროდუქტიული საძოვრების არსებობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასეთი საძოვრები უწყობს ხელს პირუტყვის სრულფასოვან გამოკვებას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს რძის პროდუქტების ხარისხს და ზრდის წარმოების ოდენობას.

საქართველოში საძოვრები ეფექტურად ამ დრომდე ვერ იმართება. სახელმწიფო დონეზე არსებული პრობლემების გარდა, დაბალია მესაქონლეების ცნობიერება. ნაკლებია ცოდნა თუნდაც ნაკვეთმორიგეობაზე - მაგალითად მცენარეული საფარის აღდგენის მიზნით ძოვებისთვის მუდმივად ერთი ტერიტორია არ უნდა გამოიყენებოდეს. ჭარბი ძოვება უარყოფითად მოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე და იწვევს მიწის საფარის დეგრადაციას. 

იმისათვის, რომ პირუტყვის გამოსაკვებად განკუთვნილი ტერიტორია სწორად იყოს გამოყენებული, საქართველო საძოვრების მართვის ეროვნულ რეფორმას იწყებს. 

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავების პროცესში გაითვალისწინეს ევროპის ქვეყნების -საფრანგეთი, შვეიცარიის მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებული მიდგომები. კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რომელიც საძოვრების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის საკითხებს განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად. ამასთან, საძოვრები განიხილება ბუნებრივი და ნახევრად-ბუნებრივი ეკოსისტემების ნაწილად, რომლებიც გამოიყენება ფერმერთა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიების მიერ, რომელთაც აქვთ განსხვავებული პრიორიტეტები და მიზნები მეცხოველეობის განვითარების კუთხით. დოკუმენტში ასევე, გათვალისწინებულია ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების ინტეგრირებული მართვისა და ტრადიციული მომთაბარეობის საკითხები. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის წინამდებარე დოკუმენტი საფუძვლად დაედება შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას საძოვრების მართვის სფეროში.

"ჩვენ გვექნება სრულად გამართული საძოვრების დოკუმენტი, დაბალანსებული მიდგომა მესაქონლეობის სექტორზე. კანონი განსაზღვრავს სხვადასხვა საკუთრების ფორმის მეშვეობით საძოვრების გაცემის საკითხს, როგორ უნდა იმართოს სახელმწიფო საძოვრები, მუნიციპალური საკუთრება, როგორ უნდა გაიცეს იჯარით, რამდენწლიანი უნდა იყოს იჯარა, როგორ უნდა იყოს მისასვლელი გზების საკითხი", - აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი. 

საძოვრების ეფექტურად გამოყენების მიზნით სპეციალისტებმა საველე პირობებში საპილოტე პროექტის განხორციელება უკვე დაიწყეს. საწყის ეტაპზე შერჩეულია სამი მუნიციპალიტეტი - გურჯაანი, დმანისი და ყაზბეგი.

საძოვრების ეფექტურად გამოყენების გარდა, პროექტი ფერმერებისთვის მეურნეობის განვითარებაში დახმარებასაც ითვალისწინებს.

"ფერმერებს აქვთ გამოწვევები, რაც მათი მეურნეობის განვითარებას უშლის ხელს. ამ კუთხით პროექტს განსაზღვრული აქვს ფერმერებისთვის ხელშეწყობა, იქნება ეს მათ მეურნეობაში სხვადასხვა ტექნიკური თუ ფინანსური საშუალებებით დახმარება. ფინანსური ამ შემთხვევაში ფულის მიცემას არ გულისხმობს - იქნება ეს სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების შეძენა, რომელიც რძის პროდუქტის გადამუშავებისთვის სჭირდებათ და ა.შ.", - აღნიშნა საძოვრების საკითხებში ექსპერტმა გიორგი არაბულმა. 

 

Businesspartner