სოფლის მეურნეობა
03/06/2021

საქართველოდან ექსპორტზე $3 მლნ-ის ლურჯი მოცვი გავიდა

საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელი $3 მლნ-ს აჭარბებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ეს იქნება ყოველწლიურად მზარდი რიცხვი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ახალი პლანტაცია შედის მსხომიარობაში.

„კენკროვანი კულტურები, კერძოდ კი, ლურჯი მოცვი, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია და აქტიურად გადის ექსპორტზე. გასულ წელს, მეხილეობის მიმართულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოდან ექსპორტის ზრდაში,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გურიის რეგიონში, 450 ჰექტრამდე ფართობზე ახალი ბაღია გაშენებული, აქედან 276 ჰექტარზე მოცვის პლანტაციებია. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება, ჯამში, 6 მლნ ლარს აღემატება.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ნაგომრის აგროსახლი“, რომელიც 5 წევრს აერთიანებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 2,5 ჰექტარზე მოცვის ბაღი გააშენა.  ახალი პლანტაციის გაშენებისათვის,  ინვესტიციამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა.

სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაზეა გათვლილი, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები