სოფლის მეურნეობა
21/04/2021

საქართველოში წარმოებული ხამანწკები და მიდიები ექსპორტზე გავა

„მარიკულტურა გეორგია“ საქართველოში წარმოებული ხამანწკებისა და მიდიების ექსპორტზე გატანას გეგმავს.

კომპანიას უკვე შემოთავაზება აქვს აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონ-კონგიდან და კანადიდან. ექსპორტზე გატანამდე კი კომპანია პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

„მარიკულტურა გეორგიას“ წყალქვეშა საზღვაო ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა, სეზონზე, 30 ტონა მიდიას და 10-15 ტონა ხამანწკას შეადგენს. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე გაზრდას 2 წელი, ხოლო ხამანწკის - 4 წელი სჭირდება.

წარმოებული პროდუქციის ცოცხალი სახით რეალიზება მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში, კომპანია მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ პროდუქციას სთავაზობს. 

2020 წელს, შავ ზღვაში, სოფელ კვარიათთან, ფუნქციონირება დაიწყო კომპანიის „მარიკულტურა გეორგია“ წყალქვეშა ზღვის ფერმამ, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა ხორციელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება შავი ზღვის მიდიებზე (mutilus galaprovinciale) და ხამანწკებზე (oyster grasoteria gigas).

„მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს - აჭარაში საზღვაო ფერმას და გადამმუშავებელ საწარმოს და თბილისში შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.

მიდიებისა და ხამანწკების წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, კომპანია სპეციალური გემის შეძენას გეგმავს.

Businesspartner