სოფლის მეურნეობა
12/02/2021

საქართველოში ზეთისხილის მოსავალი 2,5-ჯერ გაიზარდა

ზეთისხილის მოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა. კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს რომ ჭარბმოსავლიანობას ხელი ხელსაყრელმა ამინდებმა შეუწყო.

„წელს ზეთისხილისთვის ძალიან კარგი ამინდი იყო. დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი ზეთისხილი მოვიდა, ზუსტი რაოდენობის თქმას მარტის ბოლოს შევძელბთ. გაზრდილია ზეთისხილის პლანტაციების რაოდენობაც. ზეთისხილის რთველის მიმდინარეობისას, დილით ექვს საათზე ვხსნიდით ქარხანას და ფერმერების რიგები იდგა პროდუქტის ჩაბარებაზე. გვიხარია, რომ ხალხმა უკვე აქტიურად დაიწყო ზეთისხილის დარგვა. უკვე დიდმა კომპანიებმაც გამოხატეს სურვილი ამ კულტურის გაშენებასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ, მაგალითად KTW-სთან, სადაც ასობით ჰექტარი ზეთისხილის დარგვაზე ვსაუბრობთ, ასევე "საპარტნიორო ფონდთან". ჩვენც, რა თქმა უნდა, ნარგავი ფართობების მოცულობას ყოველწლიურად ვზრდით,“ - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

მისივე განმარტებით, ზეთისხილის კულტურამ კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც გაამართლა. გიორგი სვანიძე ფერმერებს ამ კულტურით დაინტერესებას ურჩევს.

„წარმოიდგინეთ, ეს ათასწლიანი კულტურაა. საუკუნეების განმავლობაში ზეთისხილს მოსავალი მოაქვს. ზეთისხილის გაშენება ისეთი საქმეა, რომელიც შთამომავლობას გამოადგება. დღეს დიდ ქსელებთან საუბარი გვიჭირს, რადგან პროდუქცია არ გვყოფნის .რაც მეტი პლანტაცია გაშენდება მით მეტი პროდუქცია გვექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა რეგიონში მოყვანილი ზეთისხილის გემო სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ტარიბანაში, სიღნაღსა თუ ბაღდადში მოყვანილ ზეთისხილს ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს,“ - განმარტა გიორგი სვანიძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები