სოფლის მეურნეობა
14/08/2020

სამეგრელოში 50 000 ტონამდე, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების და კოორდინირებული ქმედებების შედეგად, ფერმერები 50 000 ტონამდე, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან.

მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი ფერმერების შემოსავლების გაზრდის წინაპირობაა.

2019 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად, „თხილის გადარჩენის პროგრამა“ შეიმუშავა, რომელიც აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, ამ პროცესში ფერმერების აქტიურ ჩართულობას და თხილის სწორად მოვლის მიმართულებით ცოდნის ამაღლებას მოიცავს

პროგრამის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, რომელშიც 25 ათასამდე მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული, სახელმწიფომ 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი გადასცა, რითაც ფერმერები სარგებლობენ; ისინი თხილის მოვლის შესახებ რეკომენდაციებს 150 აგრონომ -კონსულტანტისაგან იღებენ, რაც მათ აგროსამუშაოების სწორად და დროულად ჩატარებაში ეხმარებათ.

Businesspartner