სოფლის მეურნეობა
04/06/2021

"სამყურა" - ბიოპროდუქტების მეურნეობა წნორიდან

“სამყურა“ ბიომეურნეობაა, რომელიც 2 წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ წნორში ნიკა ბაგალიშვილმა დააფუძნა. კომპანია ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და ბიობოსტნეულის მრავალ სახეობას, ბროკოლს, კარტოფილს, ყაბაყს და ა.შ აწარმოებს და მომავალში გაფართოებასაც გეგმავს.

როგორც “სამყურას“ დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, მეურნეობა 1.5 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ბოსტნეულის მოყვანის პროცესი კი სრულიად ბუნებრივია და არ გამოიყენება ქიმიური დანამატები.

„ბოსტნეულის რეალიზაცია ხდება ონლაინ, არ გვყავს შუამავლები მომხმარებელსა და კომპანიას შორის, ამიტომ ვცდილობთ ფასიც მისაღები იყოს ყველასთვის. აღსანიშნავია, რომ არ ვასაწყობებთ პროდუქტს და მომხმარებელთან ახალდაკრეფილი ბოსტნეული მიგვაქვს. ამასთან, ვთანამშრობლობთ “ფერმერების მარკეტთან“ და სხვა ბიოფერმერულ მარკეტებთან. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი მეურნეობა არც ისე დიდ ფართობს მოიცავს, ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე არ განიხილება, მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, თუმცა რა თქმა უნდა გაფართოების გეგმა გვაქვს,“ – აღნიშნავს ნიკა ბაგალიშვილი.

კომპანიის გეგმებშია აივნის მებოსტნეობის განვითარებაც, რისთვისაც “სამყურა“ დაინტერესებულ ადამიანებს წიწაკას, მზესუმზირას, პიტნას, სხვადასხვა მცენარეების ნერგებს შესთავაზებს და მათ აივანზე გაშენებაში დაეხმარება.

„აივნის მებოსტნეობის მიმართულებით საწყის ეტაპზე ვართ, ნელ-ნელა უფრო მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ასევე, წინა წელთან შედარებით მოსავალი საკმაოდ გაზრდილია და გვინდა, სხვა კულტურებიც დავნერგოთ ჩვენს მეურნეობაში. აგროტურიზმის მიმართულებით სულ მალე ძალიან კარგი სიახლეები გვექნება. შევქმნით საინტერესო სივრცეს, ნებისმიერი ტურისტისა და დამსვენებლისთვის,“ – ამბობს “სამყურას“ დამფუძნებელი.

 

Businesspartner