სოფლის მეურნეობა
26/07/2021

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების განახლებული პროგრამა იწყება

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების განახლებული პროგრამა იწყება, რომლის ღირებულებაა 50 მლნ ლარი. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, განაცხადების მიღება სექტემბრიდან დაიწყება. 

“ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად ტექნიკის ღირებულების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენი ნაწილი შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები დღეს არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრის ინფორმაციით, შესაძლებლობა იქნება როგორც მცირე მექანიზაციის - 2 000 ლარამდე ღირებულების ტექნიკის თანადაფინანსება, ისე საშუალო თანხის ღირებულების მექანიზაციის - 20 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ღირებულების, ასევე მსხვილი ტექნიკის თანადაფინანსება მოხდება - 100 000 ლარზე მეტის ღირებულების. 

“ჩვენ მოსახლეობას შევპირდით, მათ შორის მექანიზაციის თანადაფინანსებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, რომელიც სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ რეგიონებში ჩვენი ვიზიტებისას, მოსახლეობა ძირითადად ამ პრობლემაზე საუბრობდა ჩვენთან. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

 

Businesspartner