სოფლის მეურნეობა
03/05/2022

სეს-ის ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები მეცხვარეებს უფასოდ ემსახურებიან

ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილების დაწყების პარალელურად, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე მუშაობა განახლდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში, დღეისათვის, უახლესი სტანდარტების 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს.

პუნქტებზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი; ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მეცხვარე ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.

 

Businesspartner