სოფლის მეურნეობა
10/02/2023

"შირაქის" დამფუძნებელი: ერთ ვეტერინარს დასდევს მთელი საქართველო, სპეციალისტები თითზე ჩამოსათვლელია

სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები საქართველოში ვეტერინარებისა და სხვა სპეციალისტების დეფიციტზე საუბრობენ. როგორც „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიანიძემ აღნიშნა, საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვია, თუმცა პროდუქტიულობა ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა.

„ქვეყანაში ძალიან ბევრი აგრონომია საჭირო, ასევე ვეტერინარი, კვების სპეციალისტი შედარებით მცირე გვჭირდება. ჯიშები, რაც არის საქართველოში, მათ განახლებაზე ბევრი სამუშაოა. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ესტონეთში ერთი საქონლის წლიური წველადობა 10.5 ტონაა, საქართველოში მაქსიმუმი 1 300 ლიტრია. იგივე ესტონეთში ერთი ძროხა რასაც იწველება, ჩვენთან იგივეს იწველება ცხრა, ისრაელში ერთი რასაც იწველება, ჩვენთან იგივე მოცულობას ვიღებთ 10 ძროხიდან. პროდუქტიულობა, რა თქმა უნდა ძალიან დაბალია.

იმიტომ არ გვაქვს შედეგი, რომ სპეციალისტი არ არის, ერთ ვეტერინარს დასდევს მთელი საქართველო.“- აღნიშნა ნიკოლოზ ბენიანიძემ.

მისივე თქმით, ვეტერინარების ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, თუმცა ამ სპეციალობის შესწავლა ბევრს არ სურს.

„თუ ვინმე ამთავრებს ვეტერინარიას, ყველას უნდა რომ თბილისში გახსნას კლინიკა და კატებს და ძაღლებს უმკურნალოს. რაიონში მუშაობით ნაკლებად ინტერესდებიან. ჩვენს ფერმას ვინც ემსახურება, ვეტერინარი 3 000-დან 5 000 ლარამდე გამოსდის თვეში ანაზღაურება, არ არის ცუდი საქართველოს პირობებში. მაგრამ, სულ თითზე დასათვლელია ვეტერინარები საქართველოში. ყველას ვიცნობ პირადად.

2023-30 წლებში შვიდწლიანი პროგრამა იწყება საქართველოში, სადაც 5 000 მაღალპროდუქტიული პირუტყვი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ნედლი რძის დეფიციტის ამოვსება დაიწყება, მაგრამ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავვარდებით?,"- აღნიშნა ნიკოლოზ ბენიანიძემ.

Businesspartner