სოფლის მეურნეობა
11/02/2021

შუხმან ვაინსი: ქართულმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე მაღალი სტანდარტის ნიშა უნდა დაიკავოს

„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, სექტორმა უკვე წლებია მიზნად დაისახა, რომ ქართული ღვინო იყოს მაღალი ხარისხის პროდუქტი. ამ შედეგის მისაღწევად კი ხარისხისა და ყურძნის შაქრიანობის კონტროლის გამკაცრება, მნიშვნელოვანია.

„ცვლილება ხელს შეუწყობს, რომ ქართული ღვინის ინდუსტრიამ საექსპორტო ბაზრებზე მაღალ საფასო სეგმენტში დაიმკვიდროს თავი და საქართველო გაიცნონ, როგორც ბუტიკური, ლიმიტირებული ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ცვლილება, რასაკვირველია აისახება თვითღირებულებაზე, რადგან მევენახეობას წინ უძღვის მიწის სამუშაოები, რომელიც იქნება მეტად გასაკონტროლებელი ღვინის მწარმოებლების მხრიდანაც.

თუმცა მინდა ვთქვა, რომ ღვინის კომპანიების უმრავლესობა დღესაც აკონტროლებს შაქრის შემცველობას და სხვა ხარისხობრივ პარამეტრებს მაღალ დონეზე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ვართ ჩვენც. ამ რეფორმის მიზანი ის არის, რომ ქართულმა ღვინომ დაიკავოს მაღალი სტანდარტის ნიშა, ცნობილი ღვინის მწარმოებელი ევროპული ქვეყნების გვერდით. ამიტომაც, ვთვლი, რომ ხარისხის კონტროლის გამკაცრება ბრენდინგის მიმართულებითაც მიზანშეწონილია", - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

Businesspartner