სოფლის მეურნეობა
09/11/2021

შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით წარმოებული ყველი ბაზარზე იანვრიდან გამოჩნდება

დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით ყველის წარმოება დაიწყო. 4 სახეობის შვეიცარული რეცეპტით დამზადებული ყველი სარეალიზაციო ქსელში 2022 წლის იანვარში შევა.

პროექტს ახორციელებს შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომლის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, ქარხანა უკვე ამოქმედდა და წარმოებაც დაიწყო. ამ დროისთვის კი ყველის დავარგების 4 თვიანი პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბრენდს, ის „კავკასიის“  სავაჭრო ნიშნით გაიყიდება. „ყველის გაყიდვა საწყის ეტაპზე ნიშურ მაღაზიებში მოხდება, სამომავლოდ განიხილება HoReCa სექტორთან თანამშრომლობა და დმანისში, ჩვენივე კომპლექსში ბრენდული მაღაზიის გახსნა,“ - აცხადებს მახარაძე.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით  სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. შვეიცარიულმა აგრარული სკოლამ “კავკასია“ პირველი 10  სტუდენტი უკვე მიიღო.

 

Businesspartner