სოფლის მეურნეობა
30/08/2021

"სტიქიის პირობებში განსაკუთრებულ რეჟიმში ვმუშაობთ რომ ყურძნის ჩაბარების პროცესი არ შეფერხდეს"

კახეთში სტიქიამ დაახლოებით 5000 ჰა-ს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. გარემოს და დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ძირითადად, ეს არის თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც ზარალი 30-50%-მდეა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 5000 ჰა-დან, ძირითადად დაზიანებულია ვენახის ფართობები - როგორც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები, შესაბამისად, სტიქია მეტწილად მევენახე ფერმერებს შეეხო.

უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო რქაწითელის ჯიშის დაზიანებულ ყურძენს, თეთრი იქნება თუ მწვანე, 80 თეთრად იბარებს, საფერავის ჯიშის დაზიანებულ ყურძენს კი 1 ლარად. 

"რთველის განმავლობაში, სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია“ წარმოდგენილია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. მას დაქირავებული აქვს არაერთი ღვინის ქარხანა იმისთვის, რომ ჭარბი მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მოახერხონ მევენახე ფერმერებმა. სტიქიის პირობებშიც, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც საკოორდინაციო შტაბი, თითოეული თანამშრომელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ მოხდეს. გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ მოსავლის დაბინავებას პრობლემა აქვს კახეთში. 

ჩვენ ვდგავართ ფერმერების და მევენახეების გვერდში. მოსახლეობას არ უწევს შორ მანძილზე მოწეული პროდუქცის გადატანა. დაბინავება ხდება ოპერატიულად. გვესმის, რომ როდესაც არის დაზიანების სხვადასხვა ხარისხი, მალფუჭებადი პროდუქცია კიდევ უფრო სათუთია და მას სჭირდება ოპერატიულად დაბინავება", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება, იმ მევენახე ფერმერებს, რომელთაც სრულად დაუზიანდათ ვენახები, სახელმწიფო მათ 3000 ლარს გადაუხდის. სხვა მრავალწლიან კულტურებში, სადაც დიდი ზიანია და საჭიროა ბაღების განახლება სურვილისამებრ შეუძლიათ გადაწყვიტონ ფერმერებმა.

"ეს კომპონენტი, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შარშანწინ ავამოქმედეთ დროებით. წელს, მას განვაახლებთ, სადაც მოხდება ნერგის ღირებულების სრული ანაზღაურება და ასევე, ბაღის მოწყობისთვის, წვეთოვანი სისტემის დაყენების შემთხვევაში, თანადაფინანსება, რაც მებაღეებს, მათ შორის მევენახეებს, საშუალებას მისცემს ხელახლა აღადგინონ თავიანთი ბაღები", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

26 აგვისტოს, კახეთში სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო ნარგაობები გაანადგურა.

Businesspartner