სოფლის მეურნეობა
22/07/2021

"თაფლს ვწურავდით ხელის ციბრუტით, მისი ადგილი მუზეუმშია" - FAO და EU მეფუტკრე ქალებს ეხმარებიან

FAO-ს და ევროკავშირისგან მეფუტკრე ქალებს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში თაფლის საწური ახალი დანადგარები, საჭირო ხელსაწყოები და პირადი დაცვის აღჭურვილობა უსასყიდლოდ გადაეცათ.

„თაფლს ვწურავდით 50-იან წლებში გამოშვებული ხელის ციბრუტით, რომლის ადგილი მუზეუმშია და არა მეურნეობაში. ახლა მეტ და უკეთესი ხარისხის თაფლს დავწურავთ“, - ამბობს მეფუტკრე ქეთი ბლუიშვილი, რომელმაც ადგილობრივ ქალბატონებთან ერთად, FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით, ფერმერთა საველე სკოლა დაარსა. სკოლაში ქალი მეფუტკრეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და საერთო წარმოებას გეგმავენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობა დასაქმებული მოსახლეობის 40%-ზე მეტის დასაქმების სფეროა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირი და FAO, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მხარს უჭერენ სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში.

ამჟამად, FAO-ს 80-ზე მეტი, ბოსტნეულის, რძის და მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთი და 10 ფერმერთა საველე სკოლა აქვს საქართველოში. 1200-ზე მეტმა ფერმერმა უკვე გაიარა FAO-ს აგრონომების საველე ტრენინგები. ამ ფერმერთა 25%-ს ქალი ფერმერები შეადგენენ.

Businesspartner