სოფლის მეურნეობა
23/07/2021

თელავის ღვინის მარანი: რთველის სუბსიდირება სწორი გადაწყვეტილებაა

კომპანია „თელავის ღვინის მარნის “ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სახელმწიფოს მიერ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილებას აფასებს.

როგორც ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, მთავრობის ჩარევა საჭირო ხდება ხოლმე მაშინ, თუ არსებობს პრობლემა და რომ არ დაზარალდეს ფერმერები, ის ხალხი ვისაც ყურძენი მოჰყავს.

რამაზაშვილის შეფასებით, ამის გათვალისწინებით და დღევანდელი მოცემულობით, მთავრობის გადაწყვეტილება სწორია.

„მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა არის პრიორიტეტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული მეწარმის შეხედეულება, თუ ის გადაწყევტილება, რომელიც მთლიანი სექტორის ჯანსაღ მდგომარეობას განსაზღვრავს. სექტორი შედგება მრავალი კომპონენტისგან, ჩვენ მარნები კი ამის ნაწილი ვართ. უფრო დიდი ნაწილი მეორე მხარესაა, ამიტომ მათი ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მთავრობამ სწორი გადაწყევტილება მიიღო,“ - აღნიშნავს რამაზაშვილი.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ არ  მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ფასში ჩარევა, ფასწარმოქმნა თავისუფალი უნდა იყოს და ეს დამოკიდებული უნდა იყოს მოთხოვნა-მიწოდებაზე.  

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, თუ რატომ მიიღო მთავრობამ 2021 წელს რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ღვინო ტურიზმთან მჭიდრო კავშირშია, 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე კი, ღვინის რეალიზაცია შემცირდა, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიაფდა. მთავრობას, რთველის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, კახეთში ფერმერები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.

 

 

Businesspartner