სოფლის მეურნეობა
07/12/2021

თხილის ფასი მკვეთრად დაეცა

თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. ამ ეტაპზე, 1 კგ. საშუალო ხარისხის თხილის ღირებულება სექტემბერ-ოქტომბრის 6 ლარიანი ნიშნულის შემდეგ, 4-4,50 ლარამდე ჩამოვიდა. თხილის გულის ფასი, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 14,50 ლარია.

როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, გაიაფების მიზეზი თურქეთის ბაზარზე ჭარბი მოსავლიანობა და ინფლაციაა.

„თხილის ფასის ფორმირებაზე გავლენა ადრეც ქონდა და ეხლაც აქვს, რა თქმა უნდა, თურქეთის ბაზარს. პირველი, ლირის გაუფასურება, რამაც პრობლემები გამოიწვია ბაზარზე. მეორე ის, რომ წელს თურქეთში ჩვენი მონაცემებით 200 000 ტონით მეტი მოსავალია ვიდრე შარშან,“ - განაცხადა გიორგი თოდუამ.

ამასთან, გიორგი თოდუას თქმით, გამოწვევად რჩება თხილის ხარისხიც. მისივე ინფორმაციით, დღეის მდომარეობით უმაღლესი ხარისხის მოსავალი ქართველ ფერმერთა მხოლოდ 25%-მა აიღო. მიზეზად მოსავლის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ ფერმერების მხრიდან წამლობის შემცირება სახელდება. გამოწვევად დგას ასევე გაზრდილი მოსავლის ფონზე მუშა-ხელის სიმცირე და სპეციალური ტექნიკისა და საშრობების დეფიციტიც.

„პირველი გამოწვევა ის არის, რომ წინა წელთან შედარებით ნაკლებმა ფერმერმა ჩაატარა წამლობა. შეიძლება ითქვას, რომ 60 000 ფერმერიდან მხოლოდ 25%-მა იყოჩაღა. აუცილებელია წამლობის ჩატარება და მერე უკვე, რა თქმა უნდა, მეორე გამოწვევაც დადგა. იქედან გამომდინარე, რომ დაახლოებით 30%-ით მეტი მოსავალი მიიღეს ფერმერებმა, მკრეფავთა, მომპოვებელთა და მუშა-ხელის რაოდენობა გახდა ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი და ამანაც ხელი შეგვიშალა, ამას დაემატა შრობის საკითხიც,“ - ამბობს გიორგი თოდუა.

Businesspartner