სოფლის მეურნეობა
16/07/2021

"წვეთოვანი მორწყვა ბევრ ქვეყანაშია დანერგილი" - ქართველი მწარმოებლები ეკომეგობრულ სისტემებს ითვისებენ

ქართველი მწარმოებლები ეკომეგობრული საირიგაციო სისტემების დანერგვაზე თანამედროვე ცოდნას იძენენ.

ტრენინგი, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტი, მარკო თეოდორაკოპულოსი უძღვებოდა, ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

„წვეთოვანი მორწყვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე მიღებული პრაქტიკაა. ქართველ ფერმერებსაც შეუძლიათ უკეთესი შედეგების მიღება, ამ მეთოდის აქტიური გამოყენებით. წვეთოვან მორწყვას შეუძლია მნიშვნელოვნად დაზოგოს რესურსები - წყალი, უპირველეს ყოვლისა, მისი უმცირესი გამოყენებით შესაძლებელია მიწის ტენიანობის შენარჩუნება და გარემოზე ზიანის შემცირება“, - განაცხადა თეოდოტაკოპულოსმა.

აპრობლემასთან გასამკლავებლად, FAO რეგულარულად ატარებს ტრენინგებს ფერმერებისთვის, მწარმოებლებისა და ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების სპეციალისტებისთვის.

„ცოდნის ნაკლებობა სოფლის მეურნეობის სექტორში, განსაკუთრებით კი, ინფორმაციის ნაკლებობა თანამედროვე სარწყავი სისტემების შესახებ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოს აგროსექტორში. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, FAO და ევროკავშირი ამ გამოწვევასთან გამკლავებას ცდილობენ“, - განაცხადა FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.

„ჩვენს რეგიონში უკვე ბევრი ფერმერი იყენებს წვეთოვან სარწყავ სისტემებს, როგორც სათბურში, ისე ღია გრუნტზე და საკმაოდ კმაყოფილები არიან შედეგებით. ვფიქრობ, FAO-ს ტრენინგები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს აგროსექტორის მოდერნიზებაში“, - განაცხადა ლია ჭამპურიძემ, წყალტუბოს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტმა

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234,5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები