სოფლის მეურნეობა
20/12/2022

"თუ აგრარულ სფეროში ტექნოლოგიები არ დაინერგა, კადრი კიდევ უფრო დეფიციტური გახდება"

“ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ დარგში არსებულ კადრის დეფიციტზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში არ არის ის ანაზღაურება, რაც ევროპაშია, შესაბამისად, საზოგადოება საზღვარგარეთ მასობრივად გაედინება.

„საქართველოში მიწების 70% დასამუშავებელია, ამიტომ ბუნებრივია ხალხი წავა. არ არის სტანდარტები და არ არის შემოსული ახალი ტექნოლოგიები,რომელიც აგრარულ სექტორს განავითარებს. პრობლემა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, თუმცა, უმნიშნელოვანესია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რათა ტექნოლოგიებში გარკვეული თანხები ჩაიდოს.

 როდესაც ტექნოლოგიები არ იყო, აგრარული მეურნეობის კუთრხით ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიყავით, ახლა მსოფლიოში სხვა სიტუაციაა. შესაბამისად, ჩვენთან ყველა მოწინავე ტექნოლოგია უნდა დაინერგოს, მაქსიმალური ფინანსები ჩაიდოს განათლებაში და ა.შ, სხვა შემთხვევაში კადრიც გავა და სიტუაციაც არ გამოსწორდება“-აცხადებს ბეჟიტაშვილი.

მისი ინფორმაციით, პრობლემაა ქართული ხილის  და ბოსტნეულის ხარისხიც, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს. გამოწვევად რჩება პროდუქციის შეფუთვის საკითხი, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია.

ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იმისთვის, რომ ქართული ხილ-ბოსტნეული ევროპის ბაზარზე გავიდეს, უნდა იყოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის და ფასის მხრივ. სახელწმიფოს მხრიდან არსებული ხელშეწყობა კი არასაკმარისია.

ბეჟიტაშვილის განცხადებით, აუცილებელია გატარდეს ის პოლიტიკა, რომელიც  მეურნეობების გამსხვილებას,მათ მხარდაჭერას და განათლებაში ფულის ჩადებას გულისხმობს.

 

Businesspartner