სოფლის მეურნეობა
31/05/2021

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა.

ცვლილებები უკავშირდება ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირებას, რაც 2023 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება.

ამ მიზნით „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ტერმინთა განმარტებას დაემატა ახალი პროდუქტები:

„ღვინისეული სასმელი“ - ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი, რომლის მოცულების არანაკლებ 50%-ისა შედგება ღვინისაგან, სპირტშემცველობა კი 3,5%-დან 14,5%-მდეა და „დეალკოჰოლიზებული ღვინო“ - ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციის გზით და სპირტშემცველობა 0,5%-დან 15%-მდეა.

სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ღვინისეული სასმელის ეტიკეტირება სავალდებულოა.

კანონში შესული ცვლილებება ეხება ბრენდსაც; მასში სპირტშემცველობის დაშვებული მაჩვენებელი არ უნდა იყოს 36%-ზე ნაკლები, ნაცვლად დღემდე დადგენილი 37.5%-ზე ნაკლებისა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე, სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებოდა მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ნებაყოფლობით იყო. ამასთან ერთად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით, დაზუსტდა ადმინისტრაციულ სახდელთა ოდენობა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები ღვინის საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით, ასევე ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.

Businesspartner