სოფლის მეურნეობა
13/02/2023

"ვენახი, რომელიც  კომერციულ პროდუქტს ქმნის, აუცილებლად უნდა იყოს აღრიცხული"

ღვინის ეროვნული სააგენტოს ოპერირებით ქვეყანაში ვენახების კადასტრის პროგრამა გრძელდება. როგორც გადაცემა  „ბიზნესპარტნიორში“  ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა,  დავით მაღრაძემ განაცხადა,პროექტში ჩართვა სავალდებულოა, განსაკუთრებით იმ მევენახეებისათვის, რომლებიც კომერციულ პროდუქტს აწარმოებენ, ანუ ყურძნის რეალიზაციას ახდენენ.

„ვენახი, რომელიც  კომერციულ პროდუქტს ქმნის, აუცილებლად უნდა იყოს აღრიცხული,"- აცხადებს დავით მაღრაძე.

მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსის განცხადებით, მევენახეობის კადასტრი გულისხმობს მევენახის მფლობელობაში არსებული ვენახების ერთიან საინფორმაციო ბაზაში  რეგისტრაციას, რომლის მიზანია ინფორმაციის მოგროვებას თითოეული რეგიონის, სოფლისა თუ მხარის მევენახეობის მდგომარეობის შესახებ. 

„კადასტრის პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება ერთიანი საინფორმაციო ბაზა ვენახებისა და მევენახეების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველოს მეღვინეობისთვის და მევენახეობისათვის, მისი გამართული მუშაობისათვის და ფუნქციონირებისათვის," - ამბობს დავით მაღრაძე.

მევენახეებისათვის აღნიშნული პროექტში მონაწილეობა უფასოა და ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. მათ მხოლოდ საინფორმაციო ცენტრებს ვენახების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, რომელიც დასავლეთ საქართველოშიც მალე გაიხსნება.

„საქართველო უკვე სხვა ეტაპზე გადადის მევენახეობასა და მეღვინეობაში. ხდება თითოეული პროდუქტის აღრიცხვა.

ამ პროცესში მევენახეების ჩართულობა, ვენახების მიკვლევადობა წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. ვთვლით, რომ მევენახეები ამ საკითხს გაგებით მოეკიდებიან, მათი საჭიროებებიდან გამომდინარეც  ნებისმიერი რაოდენობის კომერციული ყურძენიც, რომელიც ღვინისათვის არის განკუთვნილი, სწორედ საჭიროებს ახალი რეგულაციებით ჩარჩოებში მოქცევას.

ის მევენახეები, რომლებიც შიდა მოხმარების ყურძენს აწარმოებენ, მათთვისაც არის მნიშვნელოვანი, რომ მათი ვენახი იყოს ბაზაში აღრიცხული, რადგან შემდეგ შესაძლებელი იყოს გარკვეული პროექტებში მონაწილეობა," - აღნიშნავს მაღრაძე.

მისივე განცხადებით, ვენახის კადასტრის აღრიცხვა, პირველ რიგში ადასტურებს, რომ მევენახეს ნამდვილად გააჩნია ესა თუ ის ვენახი და ნამდვილად გააჩნია ესა თუ ის ჯიში.  მეორე - ზრდის  ვენახების ღირებულებასაც. 

მესამე ფაქტორი გამარტივებული რთველის პროცესია. ელექტრონული რეგისტრაცია საშუალებას აძლევს მევენახეს, დამატებითი დბრკოლების გარეშე მან პირდაპირ მიიტანოს მარანში ჩასაბარებელი ყურძენი. 

ცნობისთვის, პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში 45 312 ჰექტარი ფართობი ვენახის აღწერა მოხდა.

2023 წლისათვის ვენახების კადასტრის პროგრამა დასავლეთ საქართველოში განხორციელდება.  პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც რეგისტრაციას მოიცავს 2023 წელს დასრულდება და შემდეგ ეტაპზე უკვე პროექტის სრული ფუნქციონირება დაიწყება.

 

Businesspartner