სოფლის მეურნეობა
23/10/2021

"ჟოლოს გემრიელობებმა" მეურნეობა გააფართოვა

პროექტ "დანერგე მომავალის" ფარგლებში, სოფელ კოდაში არსებულმა მეურნეობამ "ჟოლოს გემრიელობები" 18 000 ლარამდე დაფინასება მოიპოვა და მეურნეობა 0.5 ჰექტარზე გააფართოვა.

ინგა ბერუაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ნერგიდან დაწყებული, სარწყავი სისტემა და საყრდენი ბოძები სრულად დააფინანსეს.

"2016 წელს ორგანიზაცია RDFG-მ დაგვიფინანსა ჟოლოს სადემონსტრაციო 1000კვ.მ ფართობის ნაკვეთი და მას შემდეგ ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა, უშხამქიმიკატო ჟოლოს და მომხმარებელს ვთავაზობთ ჯანსაღ პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა როგორც ვიზუალური, ასევე გემოვნური თვისებებით.  

წელს მიღებული "დანერგე მომავლის" დაფინანსება კი საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოსავალი 300 კგ–დან მნიშვნელოვნად გავზარდოთ. ასევე დავაკვირდებით პროცესს თუ რამდენად გაამართლებს გაფართოება და იქნება თუ არა საკმარისი. რადგან ოჯახური ბიზნესია და საქმეც ოჯახის წევრებზეა გადანაწილებული, სეზონურად გვყავს 1 დამხმარე, თუმცა გაფართოების შემდეგ 2 დევნილ ქალბატონს კიდევ დავასაქმებთ," - აცხადებს ინგა ბერუაშვილი.  

"ჟოლოს გემრიელობების" რეალიზაცია ძირითადად ქვემო ქართლსა და თბილისში ხდება.

"გაფართოების შემდეგ არ გამოვრიცხავთ მაღაზიებშიც შევიტანოთ ჟოლო. ასევე სადისტრიბუციო ქსელში ვართ გაწევრიანებული და როდესაც საკმარისი რაოდენობის ჟოლოს მოვიყვანთ, ჩვენც გვექნება საშუალება სხვა კენკრასთან ერთად ჩვენი ჟოლოც გავიდეს ექსპორტზე.

ძირითადად გრანტებით გვაქვს დაფინანსებული ეს ბიზნესი და ჩვენი ისტორია ჯერ კიდევ მაშინ იწყება როდესაც, გორის რაიონში კენკროვანი კულტურების მეურნეობა გავაკეთეთ და მოსავალს ცხინვალის ბაზრობაზე ვყიდდით. თუმცა როდესაც 2008 წელს გავხდით დევნილები, გადავწყვიტეთ საქმიანობა გაგვეგრძელებინა და ამისათვის სხვადასხვა პროექტში მიგვეღო მონაწილეობა," - აღნიშნავს  "ჟოლოს გემრიელობების" დამფუძნებელი.

Businesspartner