სტარტაპი
02/03/2021

10 ქვეყანაში 1000 რესტორნის მომსახურება - GITA-ს გამარჯვებული სტარტაპი ViDooFood-ის მიზანი 

თუ დიდი ძალისხმევისა და ზედმეტი ფინანსური ხარჯების გაწევის გარეშე საკუთარი ონლაინ რესტორნის შექმნა გსურთ ამაში ქართული სტარტაპი ViDooFood–ი დაგეხმარებათ.

სტარტაპმა სულ ცოტა ხნის წინ GITA–ს 100 000 ლარიანი საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

სტარტაპის დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კომპანიის მიზანია, რომ 5 წლის შემდეგ 10 ქვეყანაში, 200–ზე მეტი სამზარეულოს დახმარებით, 1000-ზე მეტ ონლაინ რესტორანს მოემსახუროს.

ვირტუალური სამზარეულო, თითქმის არ არის წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპაში და ViDooFood იქნება პირველი კომპანია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე ამ კონცეფციას დანერგავს.

„პირველი ონლაინ რესოტორანი პანდემიის დროს გავხსენით, როდესაც ონლაინ რესტორნების ინდუსტრია სწრაფ ზრდას განიცდიდა. ამ დროს ჩვენს დასაქმებულებს სამუშაო დროის 70%-ის უქმად გატარება უწევდათ. ასე შეიქმნა პირველი ვირტუალური სამზარეულო, ე.წ. Ghost kitchen საქართველოში. ამ სქემის დამხარებით, ქართველ მომხარებელს შესაძლებლობას ვაძლევთ შექმნას საკუთარი ონლაინ რესტორანი, ან გააფართოოს უკვე არსებული.

ჩვენს მომხარებელებს ორი ძირითადი პრობლემა აქვთ: სამზარეულოს მოწყობა საშუალოდ $50,000 ჯდება და მის გამართვას, სტაფის დაქირავება/ტრენინგს მინიმუმ 12 კვირა სჭირდება. ამ პრობლემების გარდა, ისინი თავიდან აიცილებენ ყოველთვიურ ფიქსირებულ ხარჯს, რაც საშუალოდ $5,000-ია,“– აღნიშნავს გიორგი ჯაფარიძე.

სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტით თბილისში მეორე რესტორნის გახსნას გეგმავს. აქამდე, პროექტში 100 000 ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა, რომლის უმეტესი ნაწილი დამფუძნებლებს ეკუთვნის.

„დღეს უკვე წარმოების მაქსიმუმს ვუახლოვდებით და ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვიდან გამომდინარე გვჭირდება გაფართოება. მომხმარებელების თქმით, ჩვენთან კერძების მომზადება საშუალოდ 20%-ით იაფი ჯდება, ვიდრე საკუთარ რესტორანში დაუჯდებოდა. ეს კიდევ ერთი დასტურია, იმისა რომ ჩვენი ბიზნეს მოდელი წარმატებულია.

პირველ ეტაპზე, თბილისში ვაპირებთ რამდენიმე ობიექტის დამატებას, რათა ბაზარი სრულად ავითვისოთ, შემდეგი ეტაპი კი აუცილებლად იქნება კონცეფციის საზღვრებს გარეთ გატანა,“– ამბობს ViDooFood–ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. შემოსული 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა. პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები